
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ გავრილოვი უკან დააბრუნეს "ოცნების" ხელით.
"ფაქტიურად გავრილოვი დაგვიბრუნეს უკან, ისევ ოცნების, ანუ ჩვენივე მთავრობის ხელით.... ორმხრივად დაგმეს ‘ცნობილი ანტირუსული პროვოკაცია’, რომელიც ნაციონალისტებს მოუწყვიათ. ანუ გავრილოვის დღე ყოფილა დასაგმობი! პირდაპირ ღიად პრორუსები ვართო ამბობს უკვე ეს მთავრობა. და კიდე იმას გულისხმობს, რატო მეტად არ დაგასისხლიანეთო ამ ‘პროვოკაციის’ დროს. მოგეთხოვებათ პასუხი, გპირდებით!" - წერს ელენე ხოშტარია.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 20 ივნისის მოვლენები და საპროტესტო აქციები იყო. მოსკოვმა ამ დემონსტრაციებს "ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პოვოკაცია" უწოდა.
"ორმხრივი ურთიერთობების რიგ პრაქტიკულ საკითხებზე მოხდა მოსაზრებების საფუძვლიანი გაცვლა. დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად. ვიმედოვნებთ, რომ რუსოფობიული რიტორიკა, რომელიც რადიკალურმა წრეებმა აქტიურად გამოიყენეს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, წარსულში დარჩება და რომ პოლიტიკური ძალები, რომლებმაც გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში, გამოიყენებენ ამომრჩეველთა ნდობის მანდატს, რომელიც მიიღეს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გასაგრძელებლად. განხილულ იქნა მხარეების მიერ ორმხრივ საფუძველზე სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებზე ნებართვების გაზრდის შესაძლებლობები. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განხილულ იქნა გასული წლის ივლისში საქართველოში საჰაერო მგზავრთა გადაზიდვის დროებითი აკრძალვის გათვალისწინებით. საამისო პირობები კარგად არის ცნობილი: საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხეების გაქრობა", - წერია განცხადებაში.
ლავროვის უწყება აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტაა.
ამის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.