საერთო პრობლემები, საერთო ბრძოლა - დარღვეული შრომის უფლებების წინააღმდეგ ახალგაზრდები ერთიანდებიან

გამოქვეყნდა:

დასაქმებულების უფლებები ყოველ ნაბიჯზე ირღვევა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ახალგაზრდები არიან, რადგან მათ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება ჯერ არ გააჩნიათ და უმუშევართა დიდ არმიაში რაიმე ადგილის მოსაპოვებლად ხშირად გაუსაძლის პირობებზე თვალის დახუჭვა უწევთ.

ლიკო ხეჩიაშვილი ერთერთი კვების ობიექტის ბუღალტრად 2 წელი მუშაობდა. 6 თვის ხელფასის დავალიანების მიუხედავად ის ორსულობის პერიოდშიც აგრძელებდა საქმიანობას. მშობიარობის მერე, როცა დეკრეტულ შვებულებაში გავიდა კომპანია გააფრთხილა - სანამ დავალიანებას არ დამიფარავთ საქმეს ნუღარ მომცემთო. ამის გამო კანონის უხეში დარღვევით კომპანიამ ის სამსახურიდან დაითხოვა. 

ანი ჯავახიშვილმა ბიზნეს ადმინისტრირების დიპლომი აიღო, კვალიფიკაცია გერმანიაში გაიარა და ერთერთ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა, თუმცა პრობლემა მასაც შეეხო. ანამ თავისი უფლებების დაცვა სამართლებრივი გზით გადაწყვიტა და სოციალურ ქსელში გაერთიანება „არა მონობას“ მიმართა. ეს არის მოხალისეობრივ საქმიანობაზე გაერთიანებული ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც უკვე 1 წელია შრომის კოდექსის დარღვევის შემთხვევებს იკვლევს და დაზარალებულებს უფასო ადვოკატირებასაც უწევს.

ახალგაზრდები ნელ-ნელა იწყებენ ამ პრობლემებსა და თავინთ უფლებებზე ხმამაღლა საუბარს. ზოგმა სამართლებრივი გზა აირჩია და სასამართლოს მიმართა, ზოგი აქციებს აწყობს. 

აქციის მონაწილეებს სხვა კომპანიების თანამშრომლებიც შეუერთდნენ. ეს უკვე აღარ არის ერთი კონკრეტული სამსახურის თანამშრომლების პროტესტი. რადგან პრობლემები საერთოა, ბრძოლაც საერთო უნდა გახდეს.

აქციების ორგანიზებაში მათ ახალგაზრდული პროფკავშირები ეხმარება. ისევე როგორც კონკრეტულად „ქართული სახლის“ თანამშრომლებს ასევე ნებისმიერ სხვა დაჩაგრულ დასაქმებულს აქ უფასო ადვოკატირებას და სამართლებრივ დავაში იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ.

პარლამენტში შრომის კოდექსში ცვლილებები რამდენიმე თვის წინ მიიღეს, რის საფუძველზეც იანვრიდან შრომის ინსპექციას სამუშაო ადგილებზე შესვლის და დასაქმებულების მდგომარეობაზე დაკვირვების უფლება მიენიჭა.

ცვლილება კანონში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებითაა განპირობებული. მისი შეტანა საქართველოს ამ წლის ბოლომდე უნდა მოესწრო.

რამდენად გაართმევს თავს მთელი ქვეყნის ფარგლებში, ასეთ მასშტაბურ საქმეს შრომის ინსპექციის სამსახური, რომელსაც წარმომადგენლობა მხოლოდ თბილისში აქვს და ჯერჯერობით მხოლოდ 60-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული რთული სათქმელია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმედი ვიქონიოთ, რომ ის, რასაც ევროკავშირი გვავალდებულებს, მხოლოდ მათ დასანახად, ფურცელზე დაწერილ ცარიელ დაპირებად არ დარჩება. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი