
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას რუსულ დენზე დამოკიდებულს სულ უფრო მეტად ხდის. ოქტომბერში უცხოეთში ნაყიდი ელექტროენერგიის 99 % რუსეთზე მოდიოდა. გასულ თვეს საქართველოს უცხოეთში სულ 197 მლნ კვტ საათი ენერგიის ყიდვა დასჭირდა, აქედან 194 მილიონ ოკუპანტ ქვეყანაში შეიძინეს. რუსეთთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება დენის უცხოეთიდან იმპორტზე. წლევანდელი 9 თვის მონაცემებით, ქვეყანამ 50 მლნ დოლარის ენერგია საზღვრებს გარეთ შეიძინა.
ციფრები ამბობს, რომ ენერგოსექტორში მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდება, წლევანდელი მეორე კვარტლის მაჩვენებლით ინვესტიციები 38% ით შემცირდა. მიზეზად კი ენერგეტიკის მკვლევარები ენერგო სექტორში სამი წლის წინ დაწყებულ რეფორმას ასახელებენ, რომელიც დღემდე ვერ დასრულდა.
საქართველო დღემდე დენის დიდ ნაწილს აზერბაიჯანისგან ყიდულობდა, თუმცა წლების განმავლობაში ის ოკუპანტი ქვეყნით ჩაანაცვლეს და რეკორდი ოქტომბერში მოხსნეს, როდესაც ენერგიის 99 % რუსეთიდან შემოვიდა.
აცნობიერებს თუ არა მმართველი გუნდი საფრთხეს რომ ერთ დღეს შესაძლოა რუსეთმა პოლიტიკური მოტივებით საქართველო ჩააბნელოს, ამ კითხვამ ქართული ოცნების მწვანეების ფრაქციის ლიდერი წყობიდან გამოიყვანა.
ოპოზიციაში კი ამბობენ რომ დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე, იმ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგია, რასაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახორციელებს. ოპონენტები "გაზპრომთან" საიდუმლო გრიფით გაფორმებულ კონტრაქტს იხსენებენ და ამბობენ, რომ დენის იმპორტისთვის ყველწლიურად ქვეყნის ეკონომიკად ასობით მილიონი დოლარი გაედინება.
რუსეთიდან ელექტრო ენერგიის იმპორტით ძირითადად „ინტერ რაო საქართველოა“ დაკავებული, რომელიც ენერგეტიკის სამინიტროს გაუქმების შემდეგ, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა და კახა კალაძის გარემოცვის წევრებმა დააფუძნეს.