"კარტოგრაფების საქმეც რურუას მსგავსად წინასაარჩევნოდ შეკერილია" - საქალაქოსთან აქცია იმართება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია იმართება - მოქალაქეები დაპატიმრებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას, მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. 

ადვოკატებმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე თქვეს, რომ ისინი  აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და კარტოგრაფების თავდების სახით გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ დაპატიმრებულებს თავდებში 214 ადამიანი ჩაუდგა. 

"მე ვიტოვებ იმედს, რომ შესაძლოა ამაღამ სახლში დაიძინოს ორივე პოლიტ.პატიმარმა", - ამბობს აქციის მონაწილე, ზუკა ბერძენიშვილი.

"გიორგი რურუას საქმეც ასეთი შეკერილია წინასაარჩევნოდ, რათა "ოცნებას" გაუმყარდეს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი", - თქვა აქციაზე მისულმა ანა ჭარხალაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან კარტოგრაფების მხარდასაჭერი აქციაც მიმდინარეობს - მას ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც ესწრებიან.

ცნობისთვის, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი