რუსთავში დღეს ავტოიმპორტიორების აქცია გაიმართა. მათ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს და რუსთავის ავტობაზარზე მუშაობის უფლება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ავტოდილერობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
"ამით ვარჩენთ ოჯახებს და ორი კაპიკი შეგვაქვს სახლში. რომელი ეხლა ესენი ერთჯერად დახმარებას იძლევიან, იყო დაკეტილი და კაციშვილის 1 თეთრი არ მიუღია", - ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეებს დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე, შეუერთდა.
"ეს ადამიანები არიან მართლები თავიანთ მოთხოვნებში. არავითარი საფრთხე კოვიდის გავრცელებისა ღია სივრცეში არ არსებობს, უბრალოდ საქართველოს ხელისუფლებას არ ადარდებს იმ ათასობით ადამიანის ბედი, რომლებიც თავისით, ყველას დახმარების გარეშე, ეწევიან კომერციულ საქმიანობას", - ამბობს დავით კირკიტაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთავში კიდევ ერთი აქცია გაიმართა. შემოსავლის გარეშე დარჩენილი გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას ან ფულად დახმარებას ითხოვდნენ.
აქცია გაიმართა თბილისშიც. უნივერსიტეტის ქუჩაზე, გზა გადაკეტეს მეყვავილეებმა, რომლებიც ხელისუფლებისგან ვაჭრობის გაგრძელების ნებართვას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.
მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.