
"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა "მთავარ არხზე", გადაცემაში "ღამის მთავარი" ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იქცევა, როგორც გამოცდილი შულერი და "ვაგზლის რაზვოდჩიკი", რომელიც მოწინააღმდეგეთა მოტყუებას ცდილობს.
ის იქცევა, როგორც ფსიქოლოგიური ტერორისტი, მეორე მხრივ კი მოქმედებს, როგორც ბოილშევიკები: ისინი შექმნიდნენ რაღაც პრობლემას, მერე ვითომ აგვარებდნენ ამ პრობლემას და ყველას მიჰყიდნენ, როგორც ახალ რეალობას და ამ რეალობაზე ლაპარაკს იწყებდნენ. გავიხსენოთ, შარშან, მოლაპარაკებების პროცესში მე დამიჭირა და გაასაღა ეს, როგორც ახალი რეალობა.
ივანიშვილი იქცევა, როგორც ვაგზლის "რაზვოდჩიკი", ის ცდილობს ყველანაირად მოგატყუოს და როცა ყველანაირად ვერ გატყუებს, მაშინ იწყებს იმას, რომ ცალი ხელით გატყუებს და ცალით ვითომ მოლაპარაკებას უჭერს მხარს.
ივანიშვილი ახლა შევიდა ახალ სპირალში. არჩევნების გაყალბების შემდეგ, შემდეგი იყო პოლიტიკური ოპონენტების მოშორება, შემდეგი იქნება თავისუფალი მედია, თქვენ, ფორმულა, ტვ პირველი - ეს არის ივანიშვილის ამოცანა, რისი საშუალებაც ჩვენ არ უნდა მივცეთ, - ამბობს გიგი უგულავა "ღამის მთავარში".
გიგი უგულავამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ოპოზიციის ერთიანობა ახლა გადამწყვეტია და ამ ერთი თვის განმავლობაში ოპოზიციის ერთიანობა ნიშნავს, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია არ წამოეგება იმ სატყუარას, რასაც პარლამენტის მანდატები ჰქვია.
ამ ერთი თვის განმავლობაში ერთიანობა ნიშნავს აი ამას - არ შევიდეს პარლამენტში, მერე ამაზე კიდევ დაშენდება სხვა კედელი, მერე დაშენდება სახურავი. მე დღეს სახურავზე ვერ ვილაპარაკებ, დღევანდელი ამოცანა არის კონკრეტული - უარი პარლამენტს და რიგგარეშე არჩევნები, - თქვა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გიგი უგულავამ ამავე გადაცემაში განაცხადა: არ გაიცვლება რიგგარეშე არჩევნებში ჩემი თავისუფლება - გიგი უგულავა
შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, განახლდება სასამართლო პროცესები მისი სამი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართ: "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს, გიგი უგულავას პროცესი - 10 დეკემბერს, ხოლო ნიკა მელიას სასამართლო პროცესები 15 დეკემბერს განახლდება.
აღსანიშნავია, რომ სამივე გადაწყვეტილება დღეს, 1 დეკემბერს მიიღეს.