
თბილისის მერის, კახი კალაძის განაცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წელს საახალწლო სოფელი არ გაკეთდება. მისი განცხადებით, ეს "მიზიდულობის ცენტრს" შექმნის და ადამიანების კონტროლი გართულდებოდა.
"არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით თუ რა რთული ვითარება გვაქვს ქვეყანაში, რა რთული ვითარებაა მსოფლიოში, მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, შესაბამიასად, შეზღუდვები, რომლებიც არის დაწესებული და, ზოგადად, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება. იმიტომ, რომ ეს, ფაქტობრივად, ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ძალიან დიდი საფრთხე იყო იმისი, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა ბავშვებით, ბებიებით, ბაბუებით. რა თქმა უნდა, გაჭირდებოდა კონტროლი და უხერხული იქნებოდა, მოსული ადამიანისთვის გეთქვა, რომ აი, თქვენ არ შეხვიდეთ, იმიტომ, რომ ბევრი ხალხია", - თქვა კახი კალაძემ.
მისივე განცხადებით, ის თანხები, რაც საახალწლო სოფლის მოსაწყობად უნდა დახარჯულიყო, 700-800 ათასი ლარი სარეზერვო ფონდისკენ იქნება მიმართული და ოჯახებს დაეხმარებიან. მისი თქმით, შექმნილია პლატფორმა, რომლითაც საახალწლო დღეებში გაჭირვებულ ოჯახებს საკვებ პროდუქტებს მიაწვდიან.