"გამყალბებელია"- ელენე ხოშტარიამ ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიმავალ გვირაბში ეს წარწერა დატოვა. წარწერაც და საბჭოთა კავშირის სიმბოლიკაც გვირაბის კედლებიდან უკვე წაშლილია.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, გვირაბის კედლიდან მათი გაკეთებული წარწერები სხვადასხვა ფერის საღებავით გადაშალეს და უფრო დააუშნოვეს, რაც ნიშნავს, რომ მთავრობისთვის წარწერის შინაარსი იყო მნიშვნელოვანი და არა თავად გვირაბის კედელი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადეს.
"წარწერა გავაკეთე გვირაბის ბეტონის კედელზე სადაც, ეწერა, რომ არჩევნები გააყალბა რუსმა ოლიგარქმა, გუშინ დამირეკეს და მითხრეს რომ დაჯარიმებული ვარ 1000 ლარით, რადგან ეს გვირაბი არის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, საინტერესოა ის, რომ შემდეგ ავიდნენ და საღებავით წაშალეს ეს წარწერა და ახლა იქ უფრო მეტი საღებავია, რაც ნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო წარწერის შინაარსი და არა შავი ბეტონის კედლის დაზიანება." – ამბობს წარწერის გაკეთებისთვის დაჯარიმებული აქტივისტი, თამუნა გოგოლაძე
იგივე გვირაბში, სხვა წარწერებიც არის, თუმცა ხელისუფლებას მათ წაშლაზე არ უზრუნია.
ელენე ხოშტარიამ წარწერა ეკა კვესიტაძის გადაცემაში, პირდაპირ ეთერში გააკეთა და ამით სწორედ ამ კედელზე წარწერის გაკეთების გამო, მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 1000–1000 ლარით დაჯარიმებულ შუშანა მაცაბერიძეს და თამთა გოგოლაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ოცნების ხელისუფლებამ გვირაბი და მისი მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონად გამოაცხადა და აქტივისტები ამ მიზეზით დააჯარიმა.
შუშანა მაცაბერიძემ, რომელიც წარწერის გაკეთების გამო 1000 ლარით დაჯარიმდა, გუშინ, თქვა, რომ გზა, რომელიც ივანიშვლის სახლამდე მიდის, კულტურული მემკვიდრეობაა.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი