
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესების კვალდაკვალ, რომლებიც, შესაბამისად, 7 და 15 დეკემბერს იყო ჩანიშნული, "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესიც გადაიდო. პროცესი 10 დეკემბერს იყო ჩანიშნული.
ჩემი/ღონიაშვილის პროცესიც გადადეს. ცოტა კი იჭირვეულეს. ეტყობა მოსამართლე კოვიდმებრძოლია, - წერს გიგი უგულავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესები გუშინ ჩაინიშნა და ადრესატებმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გუშინ, ერთმანეთის მიყოლებით მიიღეს.
მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესების ჩანიშვნა პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების მიერ აღქმული იქნა, როგორც პოლიტიკური მძევლების აყვანის მცდელობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და მწვავე შეფასებები მოჰყვა, გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესები გაურკვეველი ვადით გადაიდო, ოფიციალურ მიზეზად კი კოვიდპანდემია დასახელდა. საქალაქო სასამართლომ ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სამივე კატეგორიის ასამდე საქმის განხილვა გადადებულია.