ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საავადმყოფოში, რომელიც მხოლოდ კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებს იღებს, სავარაუდოდ 100–ზე მეტი კორონავირუსით დაავადებული პაციენტი მოწამლულია.
ინტოქსიკაციის ზუსტი მიზეზი უცნობია, ვარაუდობენ, რომ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, რისკჯგუფებში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მოწამვლა რძის პროდუქტებმა გამოიწვია.
პაციენტები ამბობენ, რომ გულისრევას უჩიოდნენ, თუმცა თავადაც არ იციან რითი მოიწამლნენ. პაციენტების ახლობლები ამბობენ, რომ კოვიდინფიცირებულებს საჭმელს თავადაც უგზავნიან.
ზუგდიდის რუხის კლინიკა ინტოქსიკციაზე და მოწამლული პაციენტების რაოდენობაზე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოწამვლის მიზეზებს იკვლევს.
შეგახსენებთ, 2 დეკემბერს საქართველოში დადასტურებული 4 033 კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან , 273 შემთხვევა სამეგრელო ზემო სვანეთიდანაა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 1 058 მძიმე პაციენტია, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 466 პირი იმყოფება.