ამ ნევროზული ხელისუფლებისგან არცერთ შავრაზმულ გზას არ გამოვრიცხავ - გიგა ბოკერია

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის ლიდერებისა და ოპოზიციური არხის გენდირექტორის მიმართ ჯერ დაანონსებულ, ხოლო შემდეგ გადადებულ რეპრესიებთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ დიდი ხანია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ციხე. მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმების დარღვევა უკვე სახეზე იყო, როცა ივანიშვილმა გიორგი რურუა არ გამოუშვა.

პოსტსაბჭოთა ჭაობში მიღებულია იმ აზრის დამკვიდრება, რომ არჩევნებით ქვეყანაში ხელისუფლება ვერ იცვლება - ამ აზრის დამკვიდრებას ცდილობს ივანიშვილი და ცდილობს, საზოგადოება შეაგუოს, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია. ეს არის გზა სრული სტაგნაციისკენ, როგორც ეს მოხდა ბელარუსში, ან არის ამაზე უკეთესი, მაგრამ ჩვენთვის მაინც დრამატული - უკრაინის მაგალითი, როგორი რეაგირება ჰქონდა ხალხს, როცა ამ წესის დანერგვის მცდელობას მოჰყვა რევოლუცია და იანუკოვიჩის ბედი.

ჩვენი ამოცანა არის, რომ არც ერთი დავუშვათ და არ მეორე. სხვადასხვა გზებს იყენებს ივანიშვილი - დაჭერა, შავრაზმული კამპანია - ადამიანებს მეგობრის სიკვდილი დააბრალა. მე არ გამოვრიცხავ არცერთ ამ გზას ამ ნევროზული ხელისუფლებისგან და შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა უშუალოდ მოლაპარაკების დროს დაიჭირეს. ამის შემდეგ ეს საქმეები დამოკლეს მახვილივით ჰკიდია და დაჭერა იქნება ცუდი არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობარი წავა ციხეში, არამედ იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს სიტუაციის პოლარიზებას, იწვევს დაძაბულობას, რაც ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალის ინტერესებში არ შედის, - ამბობს გადაცემაში "დღის სტუმარი" გიგა ბოკერია. 

გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ ბიძინა ივანიშვილი გონს არ მოეგება, ყველაფერი მიდის პუტინის რუსეთისკენ და ხალხის რეაქცია იქნება ძალიან ადეკვატური. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესები გუშინ ჩაინიშნა და ადრესატებმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გუშინ, ერთმანეთის მიყოლებით მიიღეს. 

მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესების ჩანიშვნა პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების მიერ აღქმული იქნა, როგორც პოლიტიკური მძევლების აყვანის მცდელობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და მწვავე შეფასებები მოჰყვა, გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესები გაურკვეველი ვადით გადაიდო, ოფიციალურ მიზეზად კი კოვიდპანდემია დასახელდა. საქალაქო სასამართლომ ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სამივე კატეგორიის ასამდე საქმის განხილვა გადადებულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი