ახალი დეტალები ქუთაისში მომხდარი გახმაურებული ქურდობის საქმეზე.
მიკროსაფინანსოდან წაღებული ფულის ნაწილს პოლიცია ვერ პოულობს, ხოლო "მთავარი არხის" ინფორმაციით, ერთ ერთი ბრალდებული გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებდა, მუშებს უგზავნიდა საკვებს და ყიდულობდა სამშენებლო მასალებს.
გახმაურებულ საქეზე პოლციამ ორი პირი დააკავა - ერთი ქუთაისში, მეორე კი - ხელვაჩაურში. მესამემ სავარაუდოდ ქვეყნის დატოვება მოახერხა.
ამოღებულია ის ოქროც, რომელიც საცავიდან გაიტანეს, მაგრამ მოპარული თანხის სოლიდურ ნაწილს სამართალდამცველები ვერ პოულობენ.
უფლებადამცველები უარყოფენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა - გიორგი მეფარიძემ და სერგო ჯავახაძემ - დანაშაული ჩაიდინეს. ამასთან, ისინი საქმეში მესამე პირის არსებობასაც არ ადასტურებენ.
"არ არსებობს არანაირი მტკიცებულება არა თუ მესამე პირთან, არამედ, უკვე დაკავებულებთან მიმართებაში, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე მრავალი წელია, ცდილობს, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, დაეხმაროს ეკლესიას. მისი დახმარება შემოიფარგლებოდა მონასტერზე საკვები პროდუქტების მიწოდებით", - ამბობს ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე.
გიორგი მეფარიძის ოჯახის წევრები დანაშაულში მის მონაწილეობას უარყოფენ და ამბობენ, რომ გიორგი, დედასთან და დებთან ერთად, კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.
მიკროსაფინანსოდან დიდი რაოდენობით თანხა ქუთაისში, 3 თვის წინ წაიღეს. შენობაში იატაკი ამოჭრეს და ისე შევიდნენ.
სამართადამცველებმა ქუთაისსა და ხელვაჩაურში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 ადამიანი დააკავეს.