მთავრობის სხდომაზე გამოკვეთილი პოზიციის მიხედვით, ხელისუფლება, მოლაპარაკებათა რაუნდების კვალდაკვალ, ოპოზიციას 2021 წლის ბიუჯეტის განსახილველად ეპატიჟერბა. პრემიერი გახარია ამბობს, რომ ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მის განხილვაში მონაწილეობა ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს, ვისაც ამომრჩეველმა ნდობა გამოუცხადა.
ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად დაავალა მსგავს, ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობა და რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში ახალ წლამდე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა საინტერესო, თუმცა, მწვავე დისკუსიების, ამ ბიუჯეტის ირგვლივ, - ამბობს გიორგი გახარია.
ცნობილი ხდება, რომ მთავრობა აპირებს, 2021 წელს უპრეცენდენტოდ დიდი საგარეო ვალი აიღოს, ამავე დროს, პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის გამო, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ ბიუჯეტის მიხედვით, 4,3%-ს არ აღემატება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" შექმნილია ეს კრიზისი და სწორედ მან უნდა იპოვოს გამოსავალი ამ კრიზისიდან.
რაც შეეხება კორონავირუსის მსვერპლთა გაზრდილ მაჩვენებელს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია , შეკითხვაზე, რით აიხსნება მსხვერპლის მატება და არის თუ არა ეს კოლაფსი, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, ამბობს, რომ 24 წლის პაციენტის გარდაცვალება სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ამ დროისთვის მას არა აქვს საფუძველი, მცხეთის კლინიკა მომხდარში დაადანაშაულოს.