"მთავარ არხი" დემონსტრაციულად დასაჯეს - ბექაურის კომისიის სადამსჯელო ღონისძიება

გამოქვეყნდა:

მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 58 000 ლარით დააჯარიმა. ანგარიშსწორების მიზეზი ეთერში გასული პოლიტიკური რეკლამა გახდა, რომელიც გაყალბებული არჩევნების შემდეგ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების საქმიანობას ეხებოდა. 

არხის იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა და მარეგულირებელმა იმ მუხლის მიხედვით, რომლითაც დაჯარიმება ახსნა, სანქციის მაქსიმალური ოდენობა 58 ათასი ლარი გამოიყენა, მაშინ, როცა მინიმალური თანხა 5 ათასია.

"მარეგულირებელმა კომისიამ დაგვაჯარიმა არარსებული დარღვევის გამო, ისინი გვედავებოდნენ, რომ 6-7 ნოემბერს გავიდა პოლიტიკური რეკლამები. გვეუბნებოდნენ, რომ, თითქოს, ამ პერიოდში არ გვქონდა რეკლამის განთავსების უფლება, მაგრამ გვქონდა, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია და არანაირი დარღვევა არ იყო. თუმცა, სანქციისთვის ვერ მოძებნეს შესაბამისი მუხლი საარჩევნო კოდექსში, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ და დაგვასანქცირეს მაუწყებლობის შესახებ კანონით", - ამბობს თამთა მურადაშვილი.

ადვოკატის თქმით, ეს, ცალსახად, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას მხარი კახა ბექაურმა, ვახტანგ აბაშიძემ, მერაბ ქათამაძემ და ელისო ასანიძემ დაუჭირეს.

"მათ დემონსტრაციულად დასაჯეს "მთავარი არხი" თავისი კრიტიკული სარედაქციო პასუხისმგებლობის და იმ პოლიტიკური რეკლამების გამო, რომელიც გავიდა ეთერში", - ამბობს ადვოკატი. 

გადაწყვეტილებას "მთავარი არხი" სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი