კორონავირუსით გარდაცვლილ 24 წლის ნინო გულიკაშვილს ხვალ,5 დეკემბერს დაკრძალავენ. მანამდე ცხედარს ექსპერტიზას ჩაუტარებენ, ეს გადაწყვეტილება ოჯახმა მას შემდეგ მიიღო, რაც მცხეთის სამედიცინო ცენტრმა, სადაც ახალგაზრდა ქალს მკურნალობდნენ, ოჯახის ყველა ბრალდება უარყო.
გარდაცვლილის დედის, ლია მოსიაშვილის მტკიცებით, მომხდარზე პასუხისმგებელი სწორედ კლინიკაა და ნინო გულიკაშვილის გარდაცვალება სამედიცინო პერსონალის უყურადღებობამ გამოიწვია, რადგან მას არასწორად მკურნალობდნენ.
"სასაკლაოში შევიყვანე, ჩემი ხელით მივიყვანე ჩემი შვილი იქ და დავტოვე, მომიკლეს. დაგვიანებული იყო, 10 საათზე ერთი ფილტვი დაკეცილი იყოო, ეს ყველაფერი რამე მოხდა, ბავშვმა წამალი მიიღო, დაიძინა, და ალბათ ღამე კომაში ჩაუვარდათ. ესე, რომ იყო ბავშვი მაშინვე უნდა დაედგათ სუნთქვის აპარატი," - ამბობს ლია მოსიაშვილი
ოჯახის ახლობელი, ნინო ოთარაშვილი მცხეთის სამედიცინო ცენტრს სიცრუეშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ ნინო გულიკაშვილს დიაბეტი არ ჰქონდა.
"ვფიქრობთ ექსპერტიზა მოვიყვანოთ და შემდეგ უკვე ექსპერტიზის გადაწყვეტილებით ვიმოქმედებთ. ექიმები გვეუბნებიან, რომ მას ჰქონდა დიაბეტი, რამაც გამოიწვია გარდაცვალება, რაც არასდროს არ ჰქონია ნინოს. ორი დღის განმავლობაში ნინო ითხოვდა წყალს, წყალიც კი, არ დაალევინეს," - თქვა ნინო ოთარაშვილმა
24 წლის ნინო გულიკაშვილი 2 ნოემბერს გარდაცვალა.
აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.