პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი პარტიის დაშლაზე პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ვერ წარმოუდგენია, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე გირჩიდან მიდიოდეს. მეგრელიშვილმა არ იცის, როგორია პარტიის სამომავლო გეგმები და პირადად კომუნიკაცია არც ჯაფარიძესთან ჰქონია. მისი განცხადებით, თავადაც აქვთ კითხვები და ცდილობენ, გაერკვიონ როგორი იქნება ხვალინდელი დღე.
"მე ვერ წარმომიდგენია, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სახელში გირჩი ჯაფარიძე, გირჩიდან მიდის, ასევე, ვერ წარმომიდგენია, რომ ის ორგანიზმი, რომელიც ჩვენ შევქმენით ამდენი წლეის განმავლობაში და ის, არ არის არც ზურა, არც იაგო, არც ვახო და არც სხვა, არის ათასობით ადამიანის გაერთიანება იდეის გარშემო. მე ვერ წარმომიდგენია ამ იდეიდან გაქცევა, როგორ შეიძლება და ეს როგორ ფორმდება ფორმალურად", - თქვა ვახო მეგრელიშვილმა.
მეგრელიშვილის განმარტებით, ჯაფარიძემ პარტიის წევრებს მოსთხოვა, მასთან შეეთანხმებინათ სადავო თემებზე მოსაზრება, სანამ საჯაროდ ისაუბრებდნენ.
"ზურამ მოგვთხოვა მასთან შეთანხმება ჩვენი მოასაზრბეების საჯაროდ გამოსვლამდე, ცენზურასავით იყო, მეუხერხულება ამაზე საუბარი. ზურამ როგორც თქვა, კონტრავერსიულ თემებზე და ეს იმ მომენტში ბუნებრივად იყო იაგოს განცხადება. ჩვენი მცდელობა იყო, ზურასთან დალაპარაკება - ამ მოთხოვნაში რას გულისხმობდა, ზედაპირულად ძალიან სასაცილოდ ჟღერს, მეუხერხულება გამეორება", - თქვა ვახო მეგრელიშვილმა.
მისივე განმარტებით, ჯაფარიძესთან დიდი ხანია მისკომუნიკაცია აქვს, თუმცა ეს პარტიაზე არ ასახულა.
რაც შეეხება პარლამენტში შესვლის საკითხს და მოლაპარაკებებს, მეგრელიშვილი ამბობს, რომ შევლენ, თუ ოპოზიციის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტია "გირჩი" იყოფა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დაწერა და თქვა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას" აღარ აპირებს.