
პარტია"გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პარტიის Facebook ჯგუფში დაწერა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას" აღარ აპირებს.
სანდრო რაქვიშვილი "მთავართან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ მათთვის უცნობია, ზურაბ ჯაფარიძემ, რა მიზეზით მიიღო ეს გადაწყვეტილება. სანდრო რაქვიაშვილის თქმით, ასევე გაურკვეველია პარტიიდან თვითონ, ჯაფარიძე მიდის, თუ სანდრო რაქვიაშვილს, იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვს უშვებს.
"სამწუხაროდ, ზუსტად მიზეზი ჯაფარას განცხადების არ ვიცით. დაახლოებით გუშინ წინ, საღამოდან დაიწყო ჩვენთან ეს კომუნიკაცია ამის თაობაზე. ზურამ გვითხრა, ულტიმატუმი წაგვიყენა, ალბათ, უფრო იაგოს, იმის თაობაზე, რომ ჩამოვშორდეთ პარტიის მმართველობას და გარკვეული შიდა პარტიული ცენზურის საკითხი დააყენა, ცენზურის აუცილებლობის. ჩვენ ხუმრობით აღვიქვით იმიტომ, რომ წარმოუდგენელი იყო, ეს მართლა სერიოზულად ყოფილიყო განხილვის საკითხი, ამიტომ გუშინ გვქონდა მცდელობა საუბრის.
მაშინ, როდესაც ოპოზიციასთან ერთად ვიყავით, მოლაპარაკების დროს მაგიდასთან სამივე ერთად, ზურას ჩათვლით, ვისხედით და ერთ პოზიციას ვიცავდით. მართლა გვეგონა, რომ ხუმრობა იყო ის, რაც გუშინ წინ დაწერა. მაგრამ უკვე დღეს გასაგები იყო, როდესაც ჩვენ ვთხოვეთ საუბარი და განმარტება - ამაზე უარი თქვა. ამის შემდეგ უკვე გასაგები იყო, რომ ასეთი ტიპის განცხადება ადრე თუ გვიან გაკეთდებოდა, უბრალოდ არ მოველოდი. აზრზე არ ვარ, რა იგულისხმა ზურამ - მიდის თუ ჩვენ გვიშვებს პარტიიდან, იმიტომ, რომ ესეც გაურკვეველია. ჩვენ ოფისში ვართ, აქ შევიკრიბეთ, რომ მინიმუმ გავიგოთ, რა ხდება. ალბათ საჯაროდაც ახსნის ადრე თუ გვიან", - ამბობს სანდრო რაქვიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტია "გირჩი" იყოფა. ამ განცხადებიდან მალევე, ტორესა მოსიმ, "გირჩი" დატოვა და ის პოლიტიკურ საქმიანობას აღარ აგრძელებს.