ოპოზიციის ერთიანი, შეჯერებული პოზიცია წერილობითი სახით, ხელისუფლებას ელჩების მეშვეობით გაეგზავნა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთივე მკაფიო პასუხს ელოდებიან "ქართული ოცნებისგანაც".
ჩვენი პოზიციები არის ჩამოყალიბებული, მკაფიოდ, ყოვლისმომცველად და წერილობითად გადავეცით დღეს ყველა პარტიის შეჯერებული პოზიცია ქართულ ოცნებას და ველოდებით მათგან, რომ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და ასევე მკაფიოდ და წერილობით და არა ბრიფინგებით გაგვცემენ პასუხს ამბობს დავით ბაქრაძე.
ჩვენს პოზიციაში ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოთხოვნები ახალ არჩევნებთან, ასევე პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით უცვლელია და ძალაში რჩება. როცა ჩვენ მივიღებთ პასუხს "ქართული ოცნებისგან", ამის შემდეგ შემეძლება უფრო კონკრეტულად გითხრათ, რაც შეეხება მესამე რაუნდს, შედგება მას შემდეგ, რაც მოხდება პოზიციების ურთიერთგაცვლა, განაცხადა ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა კობა ნაყოფიამ.
"მოვიტანეთ შეჯერებული წინადადებების პაკეტი, ძირითადი მოთხოვნები არ შეცვლილა. ჩვენმა ფასილიტატორებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო, სანამ ჩვენ მივიღებთ "ქართული ოცნებიდან" ჩამოყალიბებულ წინადადებებს და ამის მერე იმედია, რომ მოხდება მესამე რაუნდი, სადაც პოზიციები შეჯერდება ან არ შეჯერდება", - ამბობს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
წერილობითი გზავნილის შინაარსს ოპოზიციური პარტიები არ ასაჯაროვებენ, მაგრამ ამბობენ, რომ მათ მოთხოვნებში ფუნდამენტური ცვლილება არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი არჩევნების მოთხოვნა და უარი მანდატებზე ისევ ძალაშია.
ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა კარლ ჰარცელმაც გააკეთა.
მნიშვნელოვანი იყო დისკუსია იმ შვიდ პარტიასთან, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა. განვიხილავთ ამ დისკუსიის შედეგებს და დავფიქრდებით, როგორ შეიძლება ის გამოვიყენოთ, რათა პროცესები წინ წავიდეს, - თქვა კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, ელჩებთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ეს შეხვედრა მესამე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრად იყო მიჩნეული.