ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი და აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ ელჩებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო და მათ კარგად ესმით ის პროცესები, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს.
მათ ძალიან უნდათ, რომ პოლიტიკური პროცესები გადავიდეს პარლამენტში, რომ იქ ვესაუბრებოდეთ ერთმანეთს ოპონენტები, მაგრამ ამავე დროს, მათ კარგად ესმით, რომ ოპოზიცია იქცევა პასუხისმგებლიანად. მე დიდი იმედი მაქვს, რომ "ქართული ოცნებაც", ასევე, პასუხისმგებლობით მიუდგება ამ საკითხს და წერილობით გაგვცემს პასუხს.
ორი დღის განმავლობაში ოპოზიციამ მოახერხა შეჯერებული პოზიციის ჩამოყალიბება, და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ოპოზიცია დღეს ერთიანია, როგორც არასდროს, ეს არის უპრეცენდენტო ერთობა, - აღნიშნა კობა ნაყოფიამ.
"შემხვედრ ნაბიჯს ველოდებით. მე მესმის, რომ "ქართულ ოცნებას" ჰყავს ამომრჩეველი, მაგრამ ოპოზიციას უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავს", - ხაზი გაუსვა "დღის სტუმარში" ენმ-ის აღმასრულებელმა მდივანმა.
კობა ნაყოფიას თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა აუცილებელია, მაგრამ ეს ვერ მოხდება მხოლოდ ოპოზიციის ხარჯზე. მისივე თქმით, თუ შეთანხმება ვერ შედგება ახალ არჩევნებზე, ხელისუფლებასთან ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგება.