ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ შეთანხმების მიღწევის რეალურ შესაძლებლობებს ხედავს.
"ვხედავ რეალურ შესაძლებლობებს, ვფიქრობ, შეიძლება შეთანხმების მიღწევა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანას შეუძლია ამ კრიზისიდან გამოსვლა და დემოკრატიული ინსტიტუტების შენება. ჩვენ ვართ ფასილიტატორები ამ პროცესში და ჩვენ ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პოლიტიკური პარტიები. მომდევნო დღეების ეს შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა, რომ მე და ჩემმა კოლეგებმა დავინახოთ, რა პოზიციები აქვს ოპოზიციას", - თქვა კარლ ჰარცელმა.
ამასთან, ევროკავშირის ელჩი ოპოზიციის ერთიანობას მიესალმება.
"მივესალმები და ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია მუშაობს ერთობლივად, მე ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, რომ ერთობლივ გამოსავალს მივაღწიოთ", - ამბობს კარლ ჰარცელი.
როგორც ევროკავშირის ელჩი ამბობს, ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან კონსულტაციები გასული 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, ელჩებთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ეს შეხვედრა მესამე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრად იყო მიჩნეული.