სამართალდამცველებმა ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ტაქსის კოვიდინფიცირებული მძღოლი და მისი თანმხლები პირი დააჯარიმეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.
უწყების ინფორმაციით, ინფიცირებულ ტაქსისტს მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე - ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.
ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით - ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში
ორივე კოვიდინფიცირებული 2000– 2000 ლარით დააჯარიმეს და კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.