
საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნის, მალხაზ მიქელაძის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში დღის 12:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება
პროკურატურაში ის უკვე მეორედ იმყოფება. მისი ადვოკატები დაკავების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. თავად მალხაზ მიქელაძე კი, რომელიც სადელიმიტაციო კომისიაში ორივე ხელისუფლების პირობებში მუშაობდა, ამგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს.
უცნობია, რა შეკითხვები აქვთ გამომძიებლებს ამჯერად მასთან. მიქელაძე, რომელიც დაკავებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უშუალო უფროსი იყო, განმარტავს, რომ პირველივე ჩვენებაში გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
მალხაზ მიქელაძემ პირველი ჩვენება სექტემბერში მისცა, სადაც მან საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან, გამართული შეხვედრა გაიხსენა. როგორც მიქელაძე ამბობდა, კარტოგრაფებმა მას გააცნეს, თუ რატომ იყო რუკა კარტოგრაფიულად უვარგისი. მიხეილ ჯანდელიძემ კი, მაშინ კარტოგრაფების პოზიცია გაიზიარა და ეს საკითხი პრემიერმინისტრთან განსახილველად აღარ დააყენა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და ამავდროულად სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე, 2004-2005 წლებში კომისიის თავმჯდომარეც იყო.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.