თელავის თეატრის წინ აქტივისტებს კარავი დეზინფექციის ჩატარების გამო ააღებინეს

გამოქვეყნდა:

თელავში, თეატრის წინ გაერთიანებული ოპოზიციის ორმა მხარდამჭერმა, რამაზ აივაზაშვილმა და დავით დავითაშვილმა, კარავი გაშალაეს, თუმცა, სამოქალაქო აქტივისტებთან სამართალდამცავების რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა. პოლიციელებმა კომენდანტის საათის დაწყებამდე კარავში მყოფებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მიზეზად კი, პანდემიასთან დაკავშირებით თეატრის წინ დეზინფექციის ჩატარება დაუსახელეს.

"თავიდან გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტის გაფრთხილება იყო საჭირო აქციის ჩასატარებლად. რაზეც ჩვენ ვაჩვენეთ და წავაკითხეთ კანონი, სადაც წერია, რომ არ ვართ გაფრთხილებაზე ვალდებული, თუ საგზაო მოძრაობას ხელს არ ვუშლით. ამის მერე სხვა ეკიპაჟი მოვიდა, ფოტოები გადაუღეს ჩვენს პირადობებს და გვითხრეს, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე ან მანქანაში ვყოფილიყავით, ან კარავში. ამჯერად, ჩვენ ვემორჩილებით მათ მოთხოვნას. თუმცა, დილიდან ისევ დავბრუნდებით" - ამბობს რამაზ აივაზაშვილი.

დედაქალაქიდან ჩამოსული აქტივისტები, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მხარდაჭერას უცხადებენ დღეს, პარლამენტთან დაკავებულებს. 

"მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რადგან მთელმა საქართველომ დაინახა, რომ არჩევნები გაყალბდა. გარდა ამისა, პარლამენტის უკან მიმდინარე აქციაზე დააკავეს ორი აქტივისტი და სოლიდარობის გამო, დღეს საღამოს მოვედით აქ და გავაჟღერეთ ჩვენი პოზიცია", - ამბობს დავით დავითაშვილი.

კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აქტივისტებმა კარავი აიღეს. ისინი ღამეს ბენზინგასამართ სადგურზე გაათევენ. დილის ხუთი საათიდან თელავის თეატრთან დაბრუნდებიან, სადაც სხვა მოქალაქეებიც შეუერთდებიან. 

აქვე გეტყვით, რომ დღეს, 5 დეკემბერს, ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის პარლამენტთან, სადაც "ენმ"-ის წევრი გიორგი კაპანაზე და ორი აქტივისტი დააკავეს. 

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი