მოლაპარკებების მესამე რაუნდის ჩატარების თარიღი უცნობია, თუმცა ოპოზიცია "ოცნების" პასუხის მოლოდინშია. ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნები უცვლელია - ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას, "ცესკოს"-ს ახლიდან დაკომპლექტებასა და პოლიტ.პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
ოპოზიციის თქმით, კიდევ ერთხელ მოთხოვნების შესახებ მათ გუშინ უცხოელ ფასილიტატორებს წერილობითი სახით აცნობეს.
"ახლოვდება პარლამენტის პირველი სხდომის დღე, შესაბამისად, ჩვენს შეთავაზებებზე პასუხი დროული უნდა იყოს. ახლა ყველაფერი ხელისუფლებასა და მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - თუ რამდენად მზად არიან პოლიტიკური კრიზისი დაძლიონ ხელახალი არჩევნების ჩატარებით", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი.
"ლელოს" წევრი, საბა ბუაძე, ამბობს, რომ ელჩებმა დეტალურად იციან არსებული კრიზისის შესახებ და ახლა ჯერი "ოცნებაზეა" - ოპონენტები მისგან საპასუხო წინადადებას ელოდებიან.
"ამდენი ხანია "ოცნება" ნაბიჯს არ დგამს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არაა მზად კონსესუსისა და შეთანხმების მისაღწევად", - თქვა ბუაძემ.
შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა, თუმცა მას კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია.