"ლელოს" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციური ლიდერები პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ეძებენ, "ქართული ოცნება" კი ისევ დუმს.
ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინში არიან, რომელიც სავარაუდოდ მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს, თუმცა ზუსტი დღე ცნობილი არ არის.
ხელისუფლებამ, რომელმაც 31 ოქტომბერს ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა, რაც არჩევნების არ ჩატარებაში, გამოიხატა, პოლიტიკური კრიზისი შექმნა. ამ პოლიტიკურ კრიზისს დაძლევა უნდა, კრიზისი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებით დაიძლევა“- ამბობს ნიკა მელია.
უფრო შიდაოპოზიციური საკონსულტაციო შეხვედრაა და რაიმე ფუნდამენტური გადაწყვეტილებები დღეს არ მიიღება, ჩვენ პრინციპში უკვე ერთიანი დოკუმენტი შემუშავებული გვაქვს 7-8 პარტიას, ვინც არ შედის და ფასილიტატორი ელჩების საშუალებით გადაცემულია ქართული ოცნებისთვის“ -ამბობს გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ რომ აუდიენცია ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში, შუამავალი ელჩების მონაწილეობით უკვე ორჯერ ჩატარდა. ხელისუფლებიდან შეხვედრას არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა.
ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა - ახალი საპარლამენტო არჩევნებია, რაზეც ქართული ოცნება არ თანხმდება.
ოპოზიციის მოთხოვნებია ასევე ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების - გიორგი რურუას, ივერ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება.
გარდა ამისა, დიპლომატებთან ბოლო შეხვედრის დროს, ერთიანმა ოპოზიციამ უკვე წერილობითი დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც ოფიციალურადაა გაწერილი რას სთავაზობს და რას ითხოვს ქართული ოცნებისაგან. დოკუმენტის დეტალები ცნობილი არ არის.