დღეს ბრიტანეთში ვაქცინაცია იწყება - Pfizer-ის 800 000 დოზა მობილიზებულია

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი იმუნიზაციისთვის ემზადება - მოსახლეობა დღეს Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზას მიიღებს. ინფორმაციას CNN-ზე ვკითხულობთ.

ვაქცინაცია ერთდროულად დაიწყება ინგლისში, უელსსა და შოტლანდიაში. ჩრდილოეთ ირლანდია ცოტა მოგვიანებით, თუმცა ამ კვირის განმავლობაში შეუერთდება პროცესს.

საერთო ჯამში დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/BioNTech ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეუკვეთა, რაც 67 მილიონიან ქვეყანაში მცხოვრები 20 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი. აქედან 800 000 უკვე ამ კვირასაა ხელმისაწვდომი.

ქვეყანაში ბელგიიდან შესული ვაქცინის დოზები სპეციალურ საცავებში ინახება, რომლებშიც, მოთხოვნების თანახმად, ტემპერატურა -70 გრადუსია. სწორედ შენახვის რთული პირობების გამო ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი ერთი კვირა ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 50 საავადმყოფოდან გაიცემა. თუმცა, NHS ინგლისი ოჯახის ექიმებსაც მიმართავს და მოუწოდებს ვაქცინის ლოკალურ დონეებზე გასაცემად 14 დეკემბრისთვის იყვნენ მზად. 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მოსახლეობას Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრის

ცნობისთვის, ქვეყანაში ვაქცინის მინისტრიც დანიშნეს - ნადიმ ზაჰანი მოამზადებს და უზრუნველყოფს ყველაფერს, რაც უკვე რამდენიმე დღეში მილიონობით ადამიანის აცრას დასჭირდება.

აქ შეგიძლიათ ნახოთ როგორ მუშაობს COVID-19-ის ვაქცინა ორგანიზმში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი