როგორ მუშაობს COVID–19–ის ვაქცინა და როგორ ვრცელდება ორგანიზმში კორონავირუსი

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მსოფლიო საკმაოდ დიდხანს ელოდა. დღეს, Pfizer-BioNTech-ისა და Moderna–ს ვაქცინებს, რომლებმაც 95%–იანი ეფექტურობა აჩვენეს, ოქსფორდის ვაქცინაც შეუერთდა, 70%–იანი ეფექტურობით.

კორონავირუსის mRNA ტიპის ვაქცინა, რომელსაც Pfizer და Moderna  იყენებსმედიცინის ისტორიაში პირველი ინფორმაციული რნმ–ის (მონაწილეობს ცილის შექმნაში) მქონე ვაქცინაა, რაც მეცნიერების თქმით, ჯანდაცვის სისტემის დიდი მიღწევაა, არა მხოლოდ კორონავირუსის სამკურნალოდ.

Pfizer–ის განმარტებით, წითელას, პოლიომელიტის და სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, კორონავირუსის mRNA ვაქცინა არ შეიცავს ვირუსის შესუსტებულ ან მკვდარ ნაწილებს, რომელმაც ორგანიზმის იმუნური სისტემა უნდა მოამზადოს, არამედ კორონავირუსის ვაქცინა ვირუსის გენეტიკური კოდის მატარებელია და მან ორგანიზმი კორონავირუსის გარსის ცილების ამოსაცნობად უნდა მოამზადოს. ამის შესახებ Pfizer–ის ტვიტერზე ვიდეოც გავრცელდა.

კორონავირუსი წვეტიანი ცილითაა გარშემორტყმული, რომლითაც ადამიანის უჯრედში იჭრება და უჯრედშივე არსებულ, მასპინძელ ცილას უკავშირდება, ვირუსის შუაგულში კი  სწორედ mRNA–ის გენეტიკური ინფორმაციაა, რომელიც ინფორმაციის გადამტანია, ორგანიზმს ცილების წარმოქმნას უბრძანებს და შედეგად ვირუსი განსაკუთრებით სწრაფად მრავლდება.

კორონავირუსი ორგანიზმში, ცხვირის, პირის და თვალების ლორწოვან გარსთან კონტაქტში შესვლით ხვდება, ჯანმრთელ უჯრედში მოხვედრის შემდეგ, ვირუსი უჯრედს გასამრავლებლად იყენებს, შემდეგ კი აღწევს სასუნთქ გზებში, ფილტვებში, საიდანაც ორგანიზმს სისხლით ჟანგბადი მიეწოდება.

mRNA–ს ვაქცინის მოქმედების სქემა ასეთია:

  • მეცნიერები კორონავირუსისგან მ–რნმ–ს იღებენ და მას ცხიმის გარსით ფარავენ, რომ ადამიანის უჯრედის კედლის გარღვევა და მასში შეღწევა შეძლოს. 
  • შემდეგი ეტაპი ვაქცინის ორგანიზმში შეყვანაა. ვაქცინით, სხეულში გენეტიკური მასალა, მ–რნმ–ი  შეაღწევს, რომელიც ორგანიზმში კორონავირუსის ცილას წარმოქმნის.
  • მას შემდეგ რაც ახალი ცილა შეიქმნება, ადამიანის ორგანიზმი მას უცხო სხეულად აღიქვამს, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს და წარმოქმნის ლიმფოციტებს (სურათზე მარცხნივ) რომლებიც დაიმახსოვრებენ ვირუსის შესახებ ინფორმაციას და მზად იქნებიან შეებრძოლონ მას. თუ ვირუსი ორგანიზმში მოხვდება, ლიმფოციტები ცილას, რომლითაც ვირუსი მრავლდება დაბლოკავენ და ვირუსის გავრცელებასაც ხელს შეუშლიან.

ამგვარად, ადამიანის ორგანიზმი კორონავირუსისადმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს. იმისთვის, რომ იმუნურმა სისტემამ ისწავლოს და დაიმახსოვროს როგორ დაიცვას ადამიანი კორონავირუსისგან, სხეულს შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს, თუ ადამიანი ვაქცინის გაკეთების პროცესში უკვე დაინფიცირებულია, ან გაკეთებიდან რამდენიმე დღეში დაინფიცირდება, მაშინ ორგანიზმი იმუნიტეტის გამომუშავებას ვერ მოასწრებს და ვაქცინაც ვერ იმოქმედებს.

Pfizer და Moderna–სგან განსხვავებით, ოქსფორდის ვაქცინას ორგანიზმში, არა ინფორმაციული რნმ–ი, არამედ, ვირუსული ვექტორი შეჰყავს, რაც ნაცადი მეთოდია.

აშშ–ის ოთხ შტატში Pfizer-მა კორონავირუსზე იმუნიზაციის საპილოტე პროგრამა უკვე დაიწყო, პაციენტები, რომლებიც უკვე აიცრნენ, ამბობდნენ, რომ ტემპერატურის მატებას და თავის ტკივილს გრძნობდნენ.

კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სხეულის ტემპერტურის მომატება ექიმების თქმით, ნორმალური თანმდევი პროცესია და ნიშნავს, რომ ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს.

 აშშ–ის იმუნიზაციისა და რესპირატორული ინფექციების ცენტრის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება, კრიტიკულად მნიშნველოვანია, რომ ადამიანმა საკუთარი და სხვების სიცოცხლე დაიცვას, თუმცა აუცილებელ პირობებად რჩება ნიღბების ტარება და სოციალური დისტანცია, რაც ვირუსის გავრცელებას შეამცირებს და ვაქცინასთან ერთად შეებრძოლება.

აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა. საქართველო კი, მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით, კორონავირუსის შემთხვევების დღიური მატების მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ავტორი: მარიტა ნარსია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი