პარლამენტის პირველ სხდომამდე ორი დღე რჩება, წინ კიდევ ერთი რაუნდია

გამოქვეყნდა:

ხუთსაათიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა განსაკუთრებული იერიში მიიტანა "მთავარ არხზე", რადგან ჩვენს ეთერში გავრცელდა ინფორმაცია იმ პოლიტიკოსების შესახებ, რომლებიც პარლამენტში შესვლას აპირებდნენ, ამ საკითხზე კომენტარი კი გიორგი ვაშაძემ არ გააკეთა. 

"მთავარი არხი" დაინტერესდა, რას ეფუძნებოდა გიორგი ვაშაძის პრეტენზია "მთავარი არხის" მიმართ, რაზეც პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ სიუჟეტის ავტორს, თამარ ბაღაშვილსა და ნიკა გვარამიას აქვთ მისი ტელეფონი და მისთვის პირადად უნდა დაერეკა. 

რაც შეეხება მეოთხე რაუნდს, დღევანდელი შეხვედრაც, წინა სამის მსგავსად, კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა, ოპოზიციის წარმომადგენლები კი, ფასილიტატორების თხოვნით, ისევ არ საუბრობენ კონკრეტულ დეტალებზე.

"ძალიან ცხარე კამათი იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, რაღაც საკითხებზე ვერა. ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ ვილაპარაკო დეტალებზე, რომ ხალხმა გაიგოს რაზე ვლაპარაკობთ, ერთი სული მაქვს, რომ ხალხს მოვუყვე რაზე მიდის ლაპარაკი, რაზე ვარ მე პირადად თანახმა, რაზე არ ვარ. ქართული ოცნება რას იხვეწება ეგ არ მაინტერესებს, ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, ლამის გვეხვეწნენ, რომ არ მოყვეთ დეტალებსო, შესაბამისად ისევ უნდა ვიწვალო, თუმცა დათქმაა, რომ ძალიან მალე უნდა შევხვდეთ, უსინდისო ვიყო ერთი სული მაქვს დეტალებზე ვილაპარაკო" - თქვა შეხვედრიდან გამოსულმა ალეკო ელისაშვილმა. 

ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხები - ამ ოთხი საკითხიდან პირველ და მეორე საკითხებზე ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ, მესამე და მეოთხე საკითხზე საკმაოდ დავახლოვდით, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ თუ პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება, ოპოზიცია გააგღზელებს ბოიკოტს, - განაცხადა "ლელოს" ერთერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.  

დასრულდა მორიგი რაუნდი, საერთოდ მინდა საზოგადებას ვთხოვო, რომ ნუ ინერვიულებენ რაუნდების რაოდენობაზე, კიდევ გველოდება წინ არაერთი შეხვედრა, რადგან ასე უცბად გლობალური პოლიტიკური საკითხები არ წყდება. მე შემიძლია გითხრათ ლეიბორისტული პარტიის პოზიცია - პარლამენტში არ შევდივართ, პარლამენტი არ უნდა შედგეს. პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს სამარცხვინოდ მხოლოდ "ქართული ოცნება" - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ამავე დროს, ხელისუფლება იმედს არ კარგავს, რომ პოზიციების შეჯერებას შეძლებენ და პარლამენტში ოპოზიცია შევა. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "ოცნების" მხრიდან განმეორებითი არჩევნები ან რაიმე მასთან დაახლოებული არ განიხილება.

არ არის გამორიცხული, რომ 11 დეკემბერს დანიშნულ პარლამენტის პირველ სხდომამდე ინტენსიურ რეჟიმში გაიმართოს მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელ;ისუფლებას შორის. 

შეგახსენებთ, მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი ფასილიტატორების შუამავლობით დღეს დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი