კარტოგრაფების საქმეს 3 ახალი ჩვენება დაემატა. ადვოკატების თქმით, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის – გელა ბეჟუაშვილის, ბეჟან მაისურაძის და კონტრდაზვერვის თანამშრომლის ჩვენებები კარტოგრაფების ბრალეულობას არ ამტკიცებს.
ადვოკატები ითხოვენ, საქმეზე დაიკითხონ ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. უფლებადამცველების თქმით, სწორედ ეს ადამიანები ფლობენ კარტოგრაფების საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას.
"დაცვის მხარე ემზადება საერთაშორისო ექსპერტიზის დასანიშნად. ღარიბაშვილი არ არის აქამდე დაკითხული, რომელიც მნიშვნელოვანი მოწმეა. როდესაც საქმეში ბევრი მოწმეა ყველა უნდა გამოიკითხოს" , – ამბობს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაშვილი
ასევე, ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ადვოკატები აპირებენ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტიზა ჩაუტარონ რუკებს, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, გასაიდუმლოებული რუსული არქივებიდან სპეცოპერაციით გამოიტანეს.
დღეს ნატალია ილიჩოვას ადვოკატები სამივე ახალ, გელა ბეჟუაშვილის, ბეჟან მაისურაძის და კონტრდაზვერვის თანამშრომლის ჩვენებას გააცნობენ.
ადვოკატები ამბობენ, რომ კონტრდაზვევის თანამშრომელი ჩვენებაში იხსენებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, გარკვეული ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით მიმოწერას. კონტრდაზვერვის თანამშრომლის თქმით, საგარეომ მათ ინფორმაცია არ მიაწოდა და საქმის წარმოება, რომლის ფარგლებში ივერი მელაშვილიც გამოიკითხა, შეწყდა. დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატები, სწორედ ამ წერილის გასაჯაროებას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, კარტოგრაფების საქმეში ახალი გამოკითხულია ასევე, იგორ გიორგაძის გარემოცვის წევრი ბეჟან მაისურაძე, რომლის გამოკითხვასაც ადვოკატები რუსეთში მოღვაწე დავით ხიდაშელის პირველი ჩვენების შემდეგ ითხოვდნენ.
ბეჟან მაისურაძე 30 ნოემბრით დათარიღებულ გამოკითხვის ოქმში, დავით ხიდაშელის ხელმეორე ჩვენებაში მოყოლილ ფაქტებს, ხიდაშელთან კავშირს და სადაო რუკებთან დაკავშირებით გავლენიან ხალხთან კონტაქტს ადასტურებს.
შეგახსენებთ, სააპელაციოს მოსამართლემ, პაატა სილაგაძემ დაუშვებლად ცნო ადვოკატების სარჩელი, რომლითაც ისინი პირველი ინსტანციის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით კარტოგრაფების პატიმრობაში დატოვებას ასაჩივრებდნენ.