კახი კალაძის განცხადებას, რომ ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარის ჩანგრევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა თავად კალაძეს და მერიას ეკისრება.
"თუ ვინმეს აქვს ხარვეზი ეს არის დედაქალაქის მერი, რომელიც თავიდან ბოლომდე ხარვეზია ამ ქალაქის, ხიზანიშვილის ქუჩასთან დაკავშირებით ოპოზიციას მუდმივად კითხვები ჰქონდა, თუმცა მერი მუდმივად ამბობდა, რომ ეს სპეკულაციებია, თუ ვინმეა დასაჭერი ამ ქვეყანაში და თუ ვინმეზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ეს არის კახი კალაძე, იმიტომ, რომ ჯგუფური თაღლითები არიან, ხელის გაშვერა კომპანიაზე, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა" , – ამბობს "ენმ"–ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
"ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული ხარვეზები მერიაში არსებული კორუფციის შედეგია.
"კალაძეს ურჩევნია დაიწყოს დამნაშავის ძებნა მერიიდან, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემაა ქალაქში, რადგან "ოცნების" აქტივითაა დღეს სავსე მერია, ყველა პროფესიონალი თანამშრომელი გაშვებულია სამსახურიდან, ამის ბრალია და კორუფციის, რომელიც არის მერიაში", – ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესიკ დონაძე
ცნობილია, რომ ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისთვის დედაქალაქის ბიუეჯტმა 13 მილიონ ლარი კომპანია „ენ სი სის“ გადაუხადა. მერია პასუხისმგებლობას კომპანიას აკისრებს.
"ენ სი სის" 100%–ანი წილის მფლობელი გიორგი ქელბაქიანი "მთავართან" საუბრისას პასუხისმგებლობას იხსნის ამბობს, რომ დამპროექტებელი ის არ არის და პროკურატურიდან მას არავინ დაკავშირებია.
ვიდრე კახი კალაძეს გიორგი ქელბაქიანის კომპანიასთან კითხვის ნიშნები გაუჩნდებოდა, 2014-2017 წლებში დავით ნარმანიას და თავად კალაძის მერობის პერიოდშიც, კომპანია „ენსისი“-ს ტენდერების გზით 21 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული.
„ენსისი“ ასევე გვხვდება გამარტივებული გზით განხორციელებულ შესყიდვებშიც, კერძოდ, შესყიდვის ამ ტიპით კომპანიამ 5 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.
ცნობისთვის, თბილისის მერის კახი კალაძის გადაწყვეტილებით, გდლანში ხიზანიშვილის ქუჩაზე, სადაც რეაბილიტაციის შემდეგ გზა ჩავარდა, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება და საქმეს გამოსაძიებლად პროკურატურას გადასცემენ. კალაძის თქმით, ამ პრობლემის გამო მერიის ბიუჯეტმა 85 000 ლარით იზარალა.
შეგახსენებთ, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე გზა 25 აგვისტოს ჩავარდა. მოგვიანებით, თბილისის მერის მოადგილემ თქვა, რომ პრობლემა უხვმა ნალექმა გამოწვია, რომელიც სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა.