გლდანში ქუჩის ჩანგრევა რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია - თბილისის მერის მოადგილე

გამოქვეყნდა:

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გლდანში, ხიზანიშვილის ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე გზის ჩანგრევის მიზეზებზე ისაუბრეს.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ უხვმა ნალექმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმა, მათ შორის ხიზანიშვილის ქუჩაზეც.

რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე რაიონში შექმნა პრობლემა, მათ შორის იყო ხიზანიშვილის ქუჩა. კერძოდ, მოხდა უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე ქსელების გადავსება, შეტბორვა, რაც არის პირველადი მონაცემებით ამ დაზიანების გამოწვევი მიზეზი. ამ დაზიანებისთანავე მერიის შესაბამისი სამსახურები არიან 24 საათიან რეჟიმში, რათა უახლოსეს სრულად მოხდეს დაზიანებული მონაკვეთის სრულად აღდგენა და მოძრაობის გახსნა - ამბობს ირაკლი ბენდელიანი

მერის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემები სხვა ლოკაციაზეც შეინიშნება.

შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს ღამით, გლდანში ახლადრეაბილიტირებულ ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა. 

ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2019 წლის 1-ელ მაისს დაიწყო და ამავე წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის თვეების დაგვიანებით დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე მსგავსი შემთხვევა ხდება - 2020 წლის 11 ივლისს ქუჩა დაიტბორა. მაშინ არსებული ინფორმაციით, მიზეზი სანიაღვრე სისტემის არარსებობა გახდა. 

მანამდე კი 30 მაისს, ჭავჭავაძის გამზირის მსგავსად, ხიზანიშვილზეც საკანალიზაციო ჭების დამონტაჟება გზის დაგების შემდეგ დაიწყეს, რის გამოც ასფალტი კიდევ ერთხელ გადათხარეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი