გლდანში, ახლადრეაბილიტირებულ ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა. რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ზუსტად იმ ადგილას მოხდა, სადაც "ქართული ოცნების" მიერ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი ლევან კობიაშვილის საარჩევნო ბანერი მდებარეობს.
ადგილზე უკმაყოფილო მოსახლეობა მივიდა. იქ იმყოფებოდა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილიც, რომელმაც "მთავარი არხის" კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე მსგავსი შემთხვევა ხდება - 2020 წლის 11 ივლისს ქუჩა დაიტბორა. მაშინ არსებული ინფორმაციით, მიზეზი სანიაღვრე სისტემის არარსებობა გახდა.
მანამდე კი 30 მაისს, ჭავჭავაძის გამზირის მსგავსად, ხიზანიშვილზეც საკანალიზაციო ჭების დამონტაჟება გზის დაგების შემდეგ დაიწყეს, რის გამოც ასფალტი კიდევ ერთხელ გადათხარეს.
შეგახსენებთ, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2019 წლის 1-ელ მაისს დაიწყო და ამავე წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის თვეების დაგვიანებით დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი.