ალეკო ელისაშვილის შეცვლილი პოზიციის შესახებ თავად "მოქალაქეების" ლიდერმა "თავის" ფეისბუქ-ლაივში თქვა. მისი თქმით, თუ ხელში "გაწიკწიკებულ საარჩევნო წესებს " დაიჭერს, თავაწეული გამოვა შეხვედრიდან და პარლამენტშიც შევა.
იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო წესების შეცვლას არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მათი მიღება "ოცნებას" მარტოსაც შეუძლია, ელისაშვილი მზადაა იმ პარლამენტში შევიდეს, რომელიც, საზოგადოების აზრით, გაყალბებული არჩევნების შედეგადაა ფორმირებული.
ოპოზიციის სხვა ლიდერები ამბობენ, რომ ვინც არ უნდა შევიდეს მეათე მოწვევის პარლამენტში, ეს იქნება "ქართულ ოცნებაში" შესვლა.
როგორც ირკვევა, საარჩევნო სისტემა ასევე, მნიშვნელოვანია პარტია "გირჩისთვის". ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია ამბობენ, რომ თუ ქართული ოცნება წამოვა დათმობებზე, კერძოდ, სრულად პროპორციულ არჩევნებზე და ბუნებრივ ბარიერზე, რისთვისაც საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო, მაშინ ისინი დაიწყებენ კონსულტაციებს სხვა ლიდერებთანაც, რათა ისინი შერვიდნენ პარლამენტში და კენჭი უყარონ ამ საკითხებს.
რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბოლო მოლაპარაკება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე, სავარაუდოდ, ხვალ ჩატარდება.