იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს, 10 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს.
უვადოდ დანიშვნის სურვილი გამოხატა სააპელაციოს მოსამართლე- პაატა სილაგაძემაც, რომელმაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ორჯერ, პატიმრობაში დატოვა. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, შესაძლოა კარტოგრაფების საქმე პაატა სილაგაძისთვის, მოსამართლედ დანიშვნის შესაძლებლობა გახდეს.
"რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს კლანი კულუარებში, იმ გადაწყვეტილებას გააფორმებს საქართველოს პარლამენტი, ეს ჩვენ უკვე ვნახეთ წარსულში, ასეთი მაგალითი უკვე გვაქვს, ვიცით როგორ აირჩიეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები პარლამენტში, ამიტომ რაიმე პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. პაატა სილაგაძემ ალბათ გასაუბრებაზე უნდა თქვას რა შეიცვალა მის პროფესიონალიზმში და რატომ მაქვს მოლოდინი რომ ეს პარლამენტი მას აირჩევს, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ საქმე, რომელიც არის ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშნველობის და რეზონანსული, გახდეს ერთგვარი შესაძლებლობა სილაგაძისთვის, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე" , – ამბობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი
50 კაციან სიაში მოხვდნენ საბჭოს მოქმედი მოსამართლე წევრებიც, მათ შორის ერთ-ერთი დიმიტრი გვრიტიშვილია, რომელიც არამომსამართლე წევრების მტკიცებით, სასამართლო კლანის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა.
რამდენიმე დღის წინ ნაზი ჯანეზაშვილმა დადგენილების პროექტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე იუსტიციის საბჭო შეზღუდვების დაწესებას აპირებდა. ნაზი ჯანეზაშვილი, ამბობს, რომ მისი მხილების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკან დაიხია და ის ცვლილებები, რომელიც დიმიტრი გვრიტიშვილმა მოამზადა დღეს აღარ დაამტკიცეს.
შეგახსენებთ, რომ ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ დადგენილების პროექტის ავტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი იყო. ამავდროულად, გვრიტიშვილი თავადაც მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია.