
ევროპაში აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი ღიად მიანიშნებს საქართველოს მთავრობაში რუსეთის გავლენებზე და ამ ვარაუდის განსამტკიცებლად კონკრეტულ ფაქტებსაც ასახელებს. "ვფიქრობ, ახლა მთავრობაში რუსეთის დიდი გავლენაა", - ამბობს ბენ ჰოჯესი სააგენტო IPN-თან.
ამერიკელი გენერალი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მეტი უნდა იმუშაოს, რათა ხალხი არჩევნებს და სასამართლო პროცესებს ენდოს, ხოლო პარლამენტის საქმიანობა გამჭვირვალე იყოს.
“ჩემი აზრით, ახლა მთავრობაში რუსეთის დიდი გავლენაა. რა თქმა უნდა, უკანასკნელი, რისი დანახვაც რუსეთს სურს, ისაა, რომ საქართველო მთლიანად ინტეგრირდეს დასავლეთთან, ამიტომ ისინი ძირს უთხრიან ამ ძალისხმევასა და ინიციატივებს. ვფიქრობ, რომ საქართველომ მეტი უნდა გააკეთოს იმის საჩვენებლად, რომ შეუძლია, ამას წინააღმდეგობა გაუწიოს, - ამბობს ბენ ჰოჯესი.
შეკითხვაზე, საქართველოს მთავრობაზე რუსეთის გავლენა მისი პირადი აზრია თუ შეუძლია, ფაქტებიც დაასახელოს, გენერალი ამბობს, რომ ამ ვარაუდის დამამტკიცებელი ფაქტები არსებობს.
“საქართველოს მთავრობა ნამდვილად დაინტერესებული რომ ყოფილიყო ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნით თავისი ხალხისთვის, მაშინ ყველაფერს გააკეთებდა, რომ ქვეყანა უცხოური ინვესტიციებისათვის მიმზიდველი ყოფილიყო. კანონები, ყველაფერი იქნებოდა მიმართული გერმანიის, ჰოლანდიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ამერიკელი ბიზნესის მოზიდვისკენ, რათა ჩამოვიდნენ და საქართველოში ინვესტიციები ჩადონ. ანაკლიის პორტის პროექტის მხარდაჭერის ჩავარდნა ჩემთვის მთავრობის მხრიდან ეკონომიკური განვითარებისთვის მხარდაჭერის წარუმატებლობის უდიდესი დემონსტრირებული მაგალითი იყო.
რატომ მოხდა ასე? რატომ არ სურს საქართველოს შავ ზღვაზე არსებითი ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა, რომელიც ათასობით სარკინიგზო ტრანსპორტის პორტალი გახდება, რომელიც ჩინეთიდან კავკასიაში პროდუქტებს შემოიტანს, შემდეგ კი შავი ზღვიდან რუმინეთში, ოდესაში ან თურქეთში გადაიტანს? რატომ არ გინდათ ამის გაკეთება?
მე ვფიქრობ, კრემლს არ სურს ნახოს, თუ როგორ დებს ინვესტიციებს გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ საქართველოში. თუ დასავლეთიდან ჩამოსული მსხვილი ბიზნესი საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებს, ისინი მეტ ყურადღებას მიაქცევენ, რატომ სხედან რუსი ჯარისკაცები აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ეს მთავრობები დაიწყებენ მეტ ზეწოლას: „რატომ არის აქ რუსული ჯარი?“ ეს უკანასკნელია, რაც კრემლს უნდა", - ამბობს ბენ ჰოჯესი "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ იონტერვიუში.
შეგახსენებთ, ანაკლიის პორტზე, საქართველოში რუსულ ინტერესებზე და სხვა საკითხებზე გენერალმა ბენ ჰოჯესმა "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუშიც ისაუბრა, რომელიც შეგიძლიათ მოისმინოთ აქ:
ანაკლიის პორტი და რუსული ინტერესები - ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ გენერალთან
მეტი დეტალი ანაკლიის პორტის შესახებ იხილეთ აქ:
ФСБ-ს შეფთან შეხვედრის შემდეგ დაბლოკილი ანაკლიის პროექტი - რა ინტერესები ჰქონდა ივანიშვილს