ჩამოყალიბდეს "ბიზნესის განვითარების საბჭო" - 10 ასოციაციის მიმართვა პრემიერმინისტრს

გამოქვეყნდა:

10 ბიზნეს ასოციაცია საქართველოს პრემიერმინისტრს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ერთობლივი პეტიციით მიმართავს და "ბიზნესის განვითარების საბჭოს" შექმნისკენ მოუწოდებს.

მათი თქმით, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოს ბიზნეს სექტორმა მნიშვნელოვანი გამოწვევები და დიდი ზარალი განიცადა და მოსალოდნელია, რომ 2021 წელი ბიზნესის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის რთული იქნება.

"არსებული ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით, 2021 წელი იქნება ურთულესი ბიზნესის შენარჩუნებისა და შემდგომში მისი განვითარებისთვის. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას და ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს მოუწევთ მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევა, რათა მოხდეს ზარალის მინიმალიზაცია, სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება და, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენა.

ვინაიდან ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, ასევე საჯარო და კერძო სექტორების ძალისხმევისა და საქმიანობის ეფექტური კოორდინაცია, მთავრობას ვთავაზობთ ჩამოყალიბდეს „ბიზნესის განვითარების საბჭო“, რომელიც განიხილავს ბიზნესის მხარდაჭერისათვის ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხს, რათა მთავრობის მიერ დროულად მიღებულ იქნას შესაბამისი დადგენილებები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში შევლენ:

  • პრემიერმინისტრი (საბჭოს თავმჯდომარე) და მის მიერ შერჩეული მთავრობის ეკონომიკური გუნდი;
  • ბიზნესომბუდსმენი;
  • ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები;
  • საბჭოს შეხვედრებზე განსახილველი საკითხებიდან გამომდინარე, შესაბამისი მინისტრები და სხვა დარგობრივი ასოციაციები.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. 

შეზღუდვების მიხედვით, გაჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, დაიხურა და მიტანის სერვისზე გადავიდა ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.

ტურიზმის ალიანსში ამბობენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი მთავრობის დაწესებულ შეზღუდვებს ვერ გაუძლებს და დასაქმებულები სამსახურს დაკარგავენ. ამასთან, ბიზნეს სექტორში მიიჩნევენ, რომ სარესტორნო ბიზნესიც განადგურების ზღვარზეა.

საერთაშორისო კომპანია International SOS-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავრიუსით მიყენებული ზიანი ყველაზე მაღალია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი