ქვეყნები ერთპარტიული მმართველობით - რას ნიშნავს ეს

გამოქვეყნდა:

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისა  და ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის პირობებში, მოტივით - გაყალბებულია, ხვალ საქართველო მსოფლიოში მერვე ქვეყანა გახდება, რომელიც 21-ე საუკუნეში ცხოვრებას ერთპარტიული პარლამენტით გააგრძელებს. 

ასეთ ქვეყნებს შორისაა: ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ვიეტნამი, კუბა, ლაოსი, საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა და ერითრეა.

"დემოკრატიის ინდექსში" ერთპარტიული პარლამენტით მართულ ქვეყნებს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

ინდექსის გამოთვლისას "ეკონომისტის' კვლევითი ჯგუფი 5 ძირითადი კომპონენტით ხელმძღვანელობს: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა. თითოეულ პასუხს ენიჭება 0 ან 1 ქულა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კითხვებს:

  • არის თუ არა ეროვნული არჩევნები თავისუფალი და მიუკერძოებელი;
  • ამომრჩეველთა უსაფრთხოება;
  • უცხოური ძალების გავლენა მთავრობაზე;
  • საჯარო პირების უნარი, შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა.

საბოლოოდ, 5 კატეგორიის ინდექსი გასაშუალოვდება და ქვეყნის დემოკრატიის ინდექსი მიიღება. ამის მიხედვით კი, ქვეყანა შესაბამისი რეჟიმის კლასიფიკაციაში ხვდება - ავტორიტარული, ჰიბრიდული, არასრულად დემოკრატიული ან სრულად დემოკრატიული რეჟიმი.

ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეას 1946 წლიდან სათავეში "შრომითი პარტია" უდგას. ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება, თუმცა, მას რეალური ძალაუფლება არ გააჩნია. კანონებს ქვეყანაში მმართველი პარტია წერს, პარლამენტი კი, ფორმალურად აწერს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მხოლოდ 1 კანდიდატი იყრის კენჭს, პროცესში მონაწილეობა საზოგადოების ყველა სრულწლოვანი წევრისთვის სავალდებულოა, რადგან არჩევნები არა პოლიტიკურ ცხოვრებაში ხალხის ჩართულობის გამოხატულებას, არამედ - მოსახლეობის ერთგვარ აღწერას წარმოადგენს.

"არჩევნებზე აქტივობა ყოველთვის 100% -ს უახლოვდება და საზოგადოება მმართველი პარტიის "არჩევაში" ყოველთვის ერთსულოვანია. მას შემდეგ, რაც მიიღებთ საარჩევნო ბიულეტენს, რომელზეც მხოლოდ ერთი სახელია გამოსახული, თქვენ აგდებთ მას საარჩევნო ყუთში, რომელიც ღია ადგილას მდებარეობს. ცხადია, შეგიძლიათ გამოუყენოთ ხმის მიცემის დახურული კაბინაც, მაგრამ ამის გაკეთება დაუყოვნებლივ ეჭვს ბადებს", - წერს BBC ჩრდილოეთ კორეის არჩევნებზე.

საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ, ამომრჩეველი გარეთ გამართულ ღონისძიებას უერთდება და ბედნიერებას გამოხატავს იმის გამო, რომ "ქვეყნის ბრძენი მმართველისთვის" ხმის მიცემა შეძლო.

"დემოკრატიის ინდექსის" მაჩვენებლით, ჩრდილოეთ კორეა 2019 წლის მონაცემებში ბოლო, 167-ე ადგილზეა საშუალო 1.08 ქულით.

ჩინეთი

მოსახლეობით 1.3 მილიარდზე მეტი ჩინეთი, სადაც ერთადერთი მმართველი ძალა ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, ქვეყნის სათავეში 1921 წლიდანაა. ის დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. 2019 წლის მონაცემებით, პარტიის რიგებში 91.91 მილიონი ადამიანი ირიცხება.

"დემოკრატიის ინდექსის" 2019 წლის რუკაზე, საშუალო 2.26 ქულით, ჩინეთი ავტორიტარულ ქვეყნად ინიშნება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელი, ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება.

"გასული წლის განმავლობაში ჩინეთში გახშირდა დისკრიმინაცია უმცირესობების მიმართ. ასევე, მუსლიმთა დევნისა და დაკავების მცდელობები, დაფიქსირდა სამოქალაქო თავისუფლების დარღვევის შემთხვევები, რაც საფუძვლად უდევს ჩინეთის მაჩვენებლის შემცირებას "დემოკრატიის ინდექსის" ანგარიშში. ამასთან, 2019 წელს გაიზარდა მოსახლეობის ციფრული არხებით თვალთვალის შემთხვევებიც. ქვეყნის ავტორიტარული მმართველობის პირობებში, პოლიტიკაში მონაწილეობის კულტურა ქვეყანაში საკმაოდ სუსტია" - ვკითხულობთ ანგარიშში. 

არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია "Freedom House" ჩინეთის ავტორიტარულ რეჟიმს პირდაპირ რეპრესიულს უწოდებს. ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანა პოლიტიკური უფლებების, მოქალაქეთა თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ინდივიდუალური უფლებების თითქმის ყველა კომპონენტში 4-დან 0 ქულით შეფასდა.

"ჩინეთის ავტორიტარული რეჟიმი სულ უფრო რეპრესიული ხდება. მმართველი პარტია ამკაცრებს კონტროლს სახელმწიფო ბიუროკრატიაზე, მედიასაშუალებებზე, სიტყვის თავისუფლებაზე, რელიგიურ ჯგუფებზე, უნივერსიტეტებზე, ბიზნესებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე", - წერია Freedom House-ის ანგარიშში.

ვიეტნამი

"Freedom House"-ის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ვიეტნამი ერთპარტიული სახელმწიფოა, რომელსაც უკვე წლებია, ვიეტნამის კომუნისტური პარტია (CPV) მართავს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ დამოუკიდებელ კანდიდატს თეორიულად უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო არჩევნებში, პრაქტიკაში ეს ხშირად არ ხდება. გამოხატვის თავისუფლება, რელიგიური თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების აქტივიზმი მკაცრად იზღუდება. მიმდინარე წელს ხელისუფლებამ უფრო მკაცრად შეზღუდა მოქალაქეების მიერ სოციალური მედიისა და ინტერნეტის გამოყენება", - წერია ანგარიშში. 

ერთადერთი კომპონენტი, რომელშიც ქვეყანა შედარებით მაღალი (4-დან 3 ქულით) შეფასდა, პირადი სოციალური თავისუფლებაა, რაშიც ქორწინების პარტნიორის არჩევა მოიაზრება. 

"დემოკრატიული ინდექსის" მიხედვით კი, ვიეტნამი საშუალო 3.08 ქულით ავტორიტარული ქვეყნების სიაში ხვდება. 

რაც შეეხება კუბას, ლაოსს და ერითრეას, მათი საშუალო მაჩვენებლებიც "დემოკრატიულ ინდექსში", შესაბამისად, 2.84, 2.14 და 2.37-ია.

ფორმალურად ერთპარტიული არ არის, თუმცა, "Freedom House"-ის ანგარიშში, ვიეტნამის მსგავსად, საბოლოო 100 ქულიდან 20-ით ფასდება რუსეთის ფედერაციაც, სადაც ქვეყანას, 16 წელიწადზე მეტია, ვლადიმერ პუტინი მართავს. თავდაპირველად, ის 1999-2008 წლებში აირჩიეს, შემდეგ კი, მმართველობის სათავეში 2012 წელს დაბრუნდა და დღემდე ინარჩუნებს ძალაუფლებას. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პოლიტიკური სისტემა მრავალპარტიულად იწოდება და პარლამენტში, მმართველი პარტიის გარდა, კიდევ 5 პარტიაა წარმოდგენილი, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რუსეთის პოლიტიკური სისტემა ავტორიტარულად მიიჩნევა, "დემოკრატიის ინდექსის" მიხედვით კი, საშუალო 3.11 ქულით, რუსეთი 167 ქვეყნიდან 134-ე ადგილზეა.

 

"რუსეთის ავტორიტარულ პოლიტიკურ სისტემაში ძალაუფლება კონცენტრირებულია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელში. ლოიალისტური უსაფრთხოების ძალებით, დაქვემდებარებული სასამართლო სისტემის, კონტროლირებადი მედიაგარემოსა და საკანონმდებლო ორგანოს საშუალებით, რომელიც მმართველი პარტიისა და მათთან დაკავშირებული ოპოზიციური ფრაქციებისგან შედგება, კრემლს მარტივად შეუძლია არჩევნების შედეგების მანიპულირება და ნამდვილი, განსხვავებული აზრის აღკვეთა", - წერია "Freedom House"-ის ანგარიშში

ალექსეი ნავალნი, ანა პოლიტკოვსკაია, ალექსანდრ ლიტვინენკო, ბორის ნემცოვი ... - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, რომლებიც რუსეთში თავისუფალ სიტყვას და ერთპიროვნული მმართველის ინტერესებს ემსხვერპლნენ. მოსყიდვის, დაპატიმრების, დაშინებისა და სხვა მეთოდების გამოყენების გამო, რუსეთში მედიაგარემო ყოველდღიურად უარესდება, კრიტიკული აზრის გამოხატვისა და გაშუქების მცდელობა კი სულ უფრო და უფრო საშიში ხდება. 

და ბოლოს, საქართველო, სადაც ხვალ პარლამენტის მე-10 მოწვევის პარლამენტი იკრიბება - დაკომპლექტებული მმართველი "ქართული ოცნებით" -  "დემოკრატიის ინდექსში" საშუალო 5.42 ქულით ქვეყანა 89-ე ადგილს იკავებს და "ჰიბრიდული რეჟიმის" სახელმწიფოებს შორის მოიაზრება. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ერთპარტიული პარლამენტის ამოქმედების შემდეგ, ეს მაჩვენებელი უფრო შემცირდება. 

 

ავტორი: ანა რურუა

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი