სსრკ-ის ჰიმნი ფონად, შეძახილები: "მონა!" "სირცხვილია!" - ამ სიტუაციაში უწევთ მმართველი პარტიის დეპუტატებს პარლამენტის პირველ სხდომაზე დასასწრებად შენობაში შესვლა. სამოქალაქო აქტივისტები დგანან როგორც პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ასევე,ჩიტაძის ქუჩაზეც.
პარლამენტში ცოტა ხნის წინ მისულ პრეზიდენტსა და მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატს, შენობაში შესასვლელად პოლიციის დახმარება დასჭირდა. გიორგი ვოლსკიმ, რომელიც ასევე სამოქალაქო აქტივისტების შეძახილების ფონზე და პოლიციის თანხლებით მოხვდა პარლამენტის ეზოში, არ უპასუხა შეკითხვას ერთპარტიული პარლამენტის შესახებ. ეს შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტმაც უგულებელჰყო.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ტარდება და მას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებიან, რაც უპრეცენდენტო ფაქტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ოპოზიცია, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალ არჩევნებს ითხოვს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეშია შეკრებილი, სადაც მემორანდუმს მოაწერს ხელს და ოფიციალურად დაადასტურებს პოზიციას პარტიული სიების გამოწვევისა და მანდატებზე უარის თქმის შესახებ.