ცესკოს ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ საპატიმრო დატოვეს - აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე - ფიქრობენ, რომ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებში ცვლილება "ქართული ოცნების" საჯარო მუქარასა და არასამთავრობო სექტორის დევნას უკავშირდება.
"ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი ზეწოლაა არასამთავრობოებზე, როდესაც ის პირდაპირ აყენებს საკითხს, რომ თითქოს არასამთავრობო არასწორია და სანდო მხოლოდ "ცესკოს"-ს შედეგებია. არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ბევრად უფრო ადრე წინასწარ მზადდებოდა შედეგი, რომელიც ფურცელზე უნდა დაეწერა შემდგომში "ცესკო"-ს", - ამბობს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ხუსკივაძე.
"რატომ არ მოხდა გადათვლა, როცა საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი იყო არჩევნების გაყალბების? რატომ არ მოხდა გადათვლა, როცა სამართლებრივადაც ყველაფერი დადასტურებული იყო..? ახლა გადავთვალოთ შედეგები?", - ამბობს აკაკი კობალაძე.
ცნობისთვის, 10 დეკემბერს, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე 10 000-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
რაც შეეხება ISFED-ს, არასამთავრობომ გააკეთა განცხადება, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება" ISFED-ს პარალელური დათვლის შედეგებს სთხოვდა.
დღეს ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ, Facebook-ზე დაწერა, რომ "ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს"
ავტორი: დეა მამისეიშვილი