თეა წულუკიანისა და თამარ ჟვანიას განცხადებებს "სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლის შეცვლილი შედეგების შესახებ ოპოზიციაში უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ პროცენტულმა ცვლილებამ ის ფაქტი ვერ შეცვალა, რომ არჩევნები გაყალბდა.
"ყველაზე დიდი ღადაობა იცით რა არის? ცენტრალური საარჩევნო კომისია თავისი მონაცემების "გაპრავებას" ISFED-ის პირით რომ ცდილობს. ეს არის კომედიის მიღმა.. ბოდიში მათ აქვთ მოსახდელი გაყალბებისთვის და მთელი ამ 8 წლიანი ქვეყნის გაჩანაგებისთვის, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს და მეორე რიგში თეა წულუკიანს, როგორც მის უცვლელ იუსტიციის მინისტრს, რომელიც ახლა სადღაც ჩაალაბორანტეს", - ამბობს გიგი უგულავა, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, ISFED აცხადებს, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც.
ცოტა ხნის წინ, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ". ნიჟარაძე წერს, რომ ორგანიზაციას ასეთი მძიმე პერიოდი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.
საყურადღებოა ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა, გუნდის ლიდერებმა კი მათთან შეხვედრა შედეგების შესწორებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს.
ავტორი: დეა მამისეიშვილი