სიმართლე არასდროს იკარგება - თამარ ჟვანია ISFED-ის მიერ შეცვლილ შედეგებზე

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, ISFED-ის პარალელური დათვლის შეცვლილ შედეგებს Facebook-ით ეხმიანება - მისი თქმით, "სიმართლე არასდროს იკარგება" და "ყველაზე დიდი ღირსება სიმართლის რწმენით ცხოვრებაა".

"დღეს, როდესაც უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის (pvt) დაზუსტებული შედეგები, რომელიც მყარად ადასტურებს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია, არ შემიძლია არ გავიხსენო განვლილი მძიმე დღეები, ტალახის სროლა, ბრალდებები, შეურაცხყოფა, „ბულინგი“ და მუქარა რაც ცესკოს მიმართ, პირადად ჩემზე და მთელს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ხორციელდებოდა. დაგვიანებით გაჟღერებული, მაგრამ უკვე საჯაროდ გამოტანილი რეალობა, იმედი მაქვს შეცვლის იმ დამოკიდებულებებს, რომლებმაც ყოვლად უსაფუძვლოდ დიდი ზიანი მიაყენა საარჩევნო ადმინისტრაციას და რაც ყველაზე სამწუხაროა, მთლიანად საარჩევნო პროცესს და ქვეყანას.

იმედია თითოეული ის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად უაპელაციოდ დამნაშავეებად გვაცხადებდა, შეცვლის თავის დამოკიდებულებას და გაიაზრებს, რომ სიმართლე არასდროს იკარგება; ხოლო ისინი, რომლებიც პირდაპირ მუქარას ახორციელებდნენ, მიიღებენ შესაბამის პასუხს.

ამასთან, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და მის ხელმძღვანელობაზე განხორციელებული ზეწოლის პირობებში არ გაკეთებულა შესაბამისი მხარდამჭერი განცხადებები, ჩემთვის პირადად და მთელი ადმინისტრაციისთვის მიუღებელია და ვგმობთ შეტევებს, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა ჩართული მხარეების მიმართ.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველაზე დიდი ღირსება ის არის, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ სიმართლის დაცვა, სიმართლის აღიარება და სიმართლის რწმენით ცხოვრება", - წერს ჟვანია.

შეგახსენებთ, ISFED აცხადებს, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. 

ცოტა ხნის წინ, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ". ნიჟარაძე წერს, რომ ორგანიზაციას ასეთი მძიმე პერიოდი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.

საყურადღებოა ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა, გუნდის ლიდერებმა კი მათთან შეხვედრა შედეგების შესწორებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი