წელს "სამართლიანმა არჩევნებმა" არჩევნების მეორე დღესვე განაცხადა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ის ოქმებში დისბალანსის ტენდენცია ნახა.
ახლა კი ორგანიზაცია აცხადებს, რომ შედეგების დაჯამებისას შეცდა და საუბნო ოქმების შედეგების ხელახალი გამოყვანისას პროცენტები ცესკოს მონაცემებს მიუახლოვდა.
რა შეეშალა სამართლიან არჩევნებს. საამისოდ ერთი ოქმი თავიდან გადავთვალეთ.
მაგალითად, მეთხუთმეტე უბანზე ოქმის მიხედვით სულ 328 ამომრჩეველი მივიდა. ბათილი კი 4 ბიულეტენი იყო. ვიცით, რომ ბალანსის დასასმელად მიცემულ ხმებს ბათილი ბიულეტენების რაოდენობაც უნდა მივუმატოთ და ჯამი მისული ამომრჩევლების ხმებს უნდა დაემთხვეს, მაგრამ ISFED ხომ ამბობს, რომ სწორედ იმაში შეცდა, რომ ბათილი ბიულეტენებიც დააჯამა.
საქმე ის არის, რომ ორ სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ. უბნის ბალანსის დათვლისას საერთო ჯამში ბათილი ბიულეტენებიც უნდა დავითვალოთ, მაგრამ, როცა ვარკვევთ რომელმა პარტიამ რამდენი პროცენტი მიიღო, მაშინ გაბათილებულ ბიულეტენებს თავი უნდა დავანებოთ.
ვნახოთ ეს რა სხვაობას მოგვცემს. დავთვალეთ ამ ერთი უბნის ყველა ხმა ბათილ ბიულეტენებთან ერთად და ბალანსი დაჯდა, რამდენი ადამიანიც მივიდა უბანზე, იმდენმა მისცა ხმა და ზოგის ხმა გაბათილდა. ვითვლით პროცენტებს, ვინ რამდენი მიიღო, ისე, როგორც წესია, პარტიის ხმებს ვუფარდებთ ყველა დადასტურებული ხმის ჯამს, რომლებშიც ბათილი არ ითვლება და გამოდის, ერთმა პარტიამ ამ უბანზე მიიღო ხმების 32.7%.
ახლა ისე დავთვალოთ, როგორც სამართლიანმა არჩევნებმა, შეცდომით დათვალა, ერთი პარტიის ხმები გაუბათილებელი და გაბათილებული ხმების ჯამს შეუფარდა, პარტიის პროცენტებმა დაიწია და მივიღეთ 32.3%
სამართლიანმა არჩევნებმა სწორად დათვალა რომ მათ მიერ შესწავლილი უბნების 8 პროცენტში დაუბალანსებელი ოქმები იყო და რომ ეს უპრეცედენტო დარღვევაა. ორგანიზაცია მხოლოდ ამ უბნებზე მიღებული ხმების პროცენტების გამოთვლისას შეცდა. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სამართლიან არჩევნებს არც ახლა უთქვამს, რომ დარღვევები არ ყოფილა.
არჩევნები სხვადასხვა ფორმით გაყალბდა. ამის შესახებ მათ ანგარიშიც მოამზადეს, სადაც თავმოყრილია ყველა ჩვენთვის ცნობილი დარღვევა, უბანთან საეჭვო დაჯგუფებების დაფიქსირებით დაწყებული, ბიულეტენების მეტობა-ნაკლებობითა და სასამართლო განხილვებზე უარით დამთავრებული.
ისფედის გარდა არჩევნებს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკვირდებოდნენ ისინი დღესაც თვლიან, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა.
სამართლიანი არჩევნების აღიარებამ ბევრი კითხვაც გააჩინა, ერთი დღით ადრე მმართველმა პარტიამ ოპოზიციას ხმების ხელახალი გადათვლა შესთავაზა, რასაც მანამდე არ თანხმდებოდა. გაჩნდა ეჭვი, რომ სამართლიანი არჩევნების მიერ შეცდომის გასაჯაროება მმართველი პოლიტიკური ძალის ჩარევით მოხდა.