იუსტიციის ყოფილი მინისტრის და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, "მთავარის არხის" გენერალური დირექტორის ოჯახის დევნაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.
მეტიც, თეა წულუკიანი დღეს თავდასხმაზე გადავიდა და უსაფრთხოების სამსახურს მწვანე შუქი აუნთო იგივე წარმატებით გააგრძელონ. კრიტიკული მედიის დამფუძნებლის განცხადებებს კი ოცნების პროკურატურის მხრიდან შანტაჟსა და დევნასთან დაკავშირებით "გაბომჟებული საცოდაობა" უწოდა.
მთავარი არხის გენერალური დირექტორი, რომელიც 8 წელია ბიძინა ივანიშვილისა და ოცნების ხელისუფლების შეტევის მთავარი სამიზნეა დღეს ამბობს, რომ ასეთი ღია და პირდაპირი მუქარა ოჯახის წევრებზე არც ერთ ეტაპზე არ მიუღია. ნიკა გვარამიამ თეა წულუკიანს სოციალური ქსელით უპასუხა.
"ოცნების" გამორჩეულად ოდიოზურ ფიგურას დღეს სოფო ლილუაშვილმაც უპასუხა.
ოჯახზე შეტევით და მანიპულირებით რომ ნიკა გვარამიას ვერ გააჩერებენ თეა წულუკიანს და ოცნებასაც, დღეს მისმა მეუღლემ "დღის სტუმრიდან " უთხრა.
ოცნების ლიდერების ღია შეტევა კრიტიკული მედიის დამფუძნებელზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა გვარამიამ "მთავარ აქცენტებში" დაანონსებული დევნის შესახებ განაცხადი გააკეთა.
მთავარი არხის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ოცნების პროკურატურა მას ისევ დაჭერითა და ქონების ჩამორთმევით ემუქრება.
ნიკა გვარამია არც დიპლომატების კრიტიკას მორიდებია და თქვა რომ მისთვის გაუგებარია რატომ ირჩევენ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები დუმილს, როცა საქმე ოცნებისგან წამოსულ ძალადობას, შანტაჟს, მუქარასა და არჩევნების გაყალბებას ეხება.
ამ განცხადების საპასუხოდაც ოცნება ერთიანი მესიჯბოქსით საგანგებოდ მომზადებული იყო. უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ელჩების დამცველის ფუნქცია იტვირთა, ნიკა გვარამია კი ჩვეული ლექსიკით ჭორების გავრცელებაში დაადანაშაულა.
ოლიგარქიული რეჟიმი რომ დაუფარავად უთვალთვალებს ყველას და ფარული მიყურადება ოცნების ხელისუფლებისთვის მთავარი დამახასიათებელი სისტემური პრობლემაა, ამაზე დღეს საგანგებო განცხადებებს ოპოზიციის ლიდერები აკეთებდნენ.
ნიკა გვარამიამ ახალი მუქარა ხელისუფლების მხრიდან მისი საქმის განახლებაზე და დაჭერაზე რამდენიმე დღის წინ მიიღო. ოცნების პროკურატურამ შეტევა მას შემდეგ განაახლა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი გაიფორმა.