ვინ შეცვალა ფორმულა, რის გამოც სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის შედეგები ხარვეზით დაითვალა?
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ფორმულა მოწვეულმა სპეციალისტმა ირაკლი ნასყიდაშვილმა დაწერა. ნასყიდაშვილი "მთავარი არხის" კითხვებს არ პასუხობს.
ნასყიდაშვილი მრავალი წლის განმავლობაში იყო ISFED-ის თანამშრომელი და გამგეობის წევრიც. ბოლო წლებში ის ორგანიზაციაში აღარ ირიცხებოდა. სად მუშაობს ამჟამად, არ პასუხობენ მისი ოჯახის წევრებიც.
იყო თუ არა ფორმულის შეცვლა დაგეგმილი და წინასწარ განზრახული, არ იციან არც ელენე ნიჟარაძის თანამშრომლებმა. ISFED-ში დღეს არც იმას პასუხობენ, ვისგან გავიდა ინფორმაცია არსებული ხარვეზის შესახებ.
ელენე ნიჟარაძ ნიკა გვარამიასთან "მთავარ აქცენტებში" დაადასტურა, რომ ერთადერთი ორგანიზაცია, ვინც იცოდა ხარვეზის შესახებ USAID იყო, თუმცა სახელისუფლებო წრეებში ინფორმაციის მათგან გაჟონვა გამორიცხა.
დღის ბოლოს USAID-მა განცხადება გაავრცელა და "სამართლიან არჩევნებს" მხარდაჭერა გამოუცხადა.
ოლიგარქის რეჟიმის სამიზნე ოპონენტების შემდეგ არასამთავრობო სექტორია. პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე "სამართლიან არჩევნებს" თავს კიდევ ერთხელ დაესხა და საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
ელენე ნიჟარაძე არც კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენას აპირებს და არც კობახიძის მუქარის ეშინია.
ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო გამჭვირვალობაც დაადანაშაულა, თითქოს პარალელურად ხმები მათაც დაითვალეს. მალევე გაირკვა, რომ ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლას არ აწარმოებდა და საარჩევნო უბნებზე მხოლოდ დამკვირვებლები ჰყავდა.
რამდენიმე საათში კობახიძემ კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა და ამჯერად საკუთარი ბრალდებები უკან წაიღო და აღიარა, რომ სიმართლე არ უთქვამს.
ოპოზიციაში ამბობენ რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მესამე სექტორზე ზეწოლას ახორციელებს და ამის მიზანი არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია და განსხვავებული აზრის ჩახშობაა.
ოპოზიციის აზრს იზიარებენ მოქმედი და ყოფილი ომბუდსმენები.