საქალაქო სასამართლო დღეს აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომას მართავს - მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. სხდომას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ბრალდებულებიც დაესწრებიან.
თავის მხრივ, ხუსკივაძე-კობალაძე ირაკლი კობახიძეს ცილისწამებასა და რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებენ.
"რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, არის თეთრი ძაფით ნაკერი. ის ვაჭრობს პოლიტიკურად. ვიყავით პოლიტპატიმრები, დღეს ვართ პოლიტიკური მძევლები. თოკით უნდათ, რომ დაგვიჭირონ, მაგრამ არ გამოუვათ", - ამბობს აკაკი ხუსკივაძე.
"კობახიძე ამბობს, რომ საქმე აღძრულია მკვლელობაზე. არა, ბატონო ირაკლი. ჩვენ გვედავებიან ქრთამის მიცემას და ზეწოლას", - თქვა აკაკი კობალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბრიფინგზე "ოცნების" გადაყენებულმა თვამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თედო გობეჯიშვილი მოკლულია.
ცნობისთვის, 10 დეკემბერს, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე 10 000-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ხუსკივაძემ და კობალაძემ "დღის სტუმრის" ეთერში დეტალურად ისაუბრეს იმ გაყალბების სქემებზე, რომელიც ცესკო-ში მოქმედებს, რის შემდეგაც ისინი შემდეგ ჯერ გამოკითხვაზე დაიბარეს და დააკავეს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი, რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით, მას დაემუქრნენ.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.