გრიგოლ ვაშაძე წავიდა - ენმ-ს თავმჯდომარეს მოლაპარაკებებში ნიკა მელია და კობა ნაყოფია ჩაანაცვლებენ

გამოქვეყნდა:

გრიგოლ ვაშაძემ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტი სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით დატოვა. ამ საკვანძო გადაწყვეტილებამდე, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი თანაპარტიელებს არ შეხვედრია და არც მედიასთან განუმარტავს, რატომ წავიდა. განცხადებაში კი წასვლის მიზეზად პარტიის სხვა ლიდერებთან შეუთავსებელ პოზიციას, პოლიტიკურ გაერთიანებაში გადაწყვეტილების მიღების წესსა და დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას ასახელებს. 

თავმჯდომარის შეუთანხმებელი გადაწყვეტილება თანაპარტიელების უმეტესობამ სოციალური ქსელით შეიტყო. 4 წლიანი საქმიანობისთვის გრიგოლ ვაშაძეს მადლობა გადაუხადეს, მაგრამ არ დაუმალავთ, რომ მძიმე პოლიტიკური კრიზისის დროს წასვლა, მსგავსი ფორმითა და შინაარსის განცხადებით, მათთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო. ბრალდებას კი ელჩებს თავდასხმის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გრიგოლ ვაშაძის მძიმე შეცდომას უწოდებენ. 

ვინც დღეს გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება მოიწონა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა, მხოლოდ "ქართული ოცნება" იყო მისი ოდიოზური ფიგურებით. განსაკუთრებით იუსტიციის ყოფილი მინისტრი გამოირჩეოდა. თეა წულუკიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში გრიგოლ ვაშაძეს ყველაზე მწვავედ აკრტიკებდა და სალანძღავ ეპითეტებს არ იშურებდა, ის დღეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსია. 

რატომ გაუხარდათ ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტში გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება და რატომ გახდა აქამდე მათთვის საძულველი პოლიტიკოსი რამდენიმე საათში მისაღები? ეს ოპოზიციისთვის მარტივი ასახსნელია - ოცნება ახლა ოპონენტებში განხეთქილების შეტანას ცდილობს.  მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძის წასვლა მათთვის დიდი დანაკლისია, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტს ლეგიტიმაციას მაინც არ მისცემენ და მათი ყველა მოთხოვნა ძალაში რჩება. 

სად მიდის, გრიგოლ ვაშაძე არ აკონკრეტებს. მისი განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკურ ტაიმ-აუტს იღებს. ნაციონალურ მოძრაობაში ჯერ კონსულტაციები პარტიის თავმჯდომარის შერჩევაზე არ დაწყებულა. უკვე ცნობილია რომ ელჩებთან მოლაპარაკებაზე მთავარ ოპოზიციურ პარტიას -  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია წარადგენენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი