თბილისის მერი, კახა კალაძე, ბრიფინგზე ამბობს, რომ აფრიკის დასახლებაში მშნებელობების დამონტაჟი კანონიერი იყო და რომ იქ რეალურად არც ერთი ოჯახი არ ცხოვრობდა.
"მე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ გუშინ სადაც შენობა-ნაგებობების დემონტაჟი იქნა განხორციელებული, იქ არც ერთი ოჯახი, არც ერთი ადამიანი არ ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიის ირგლივ ცხოვრობენ ადამიანები, ასევე მიტაცებულ მიწებზე აქვთ აშენებული სახლები... მათ არ შევხებივართ, მხოლოდ განხორციელდა იმ ობიექტების დემონტაჟი, სადაც უშუალოდ მშენებლობები მიმდინარეობდა - ზოგი საძირკველში იყო, ზოგი ნახევრზე იყო ამოშენებული. ჩვენი მხრიდან არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ თვითონვე განეხორციელებინათ დემონტაჟი, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს და ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის ფარგლებში. მიუღებელია სახელმწიფო ქონების ასე დატაცება... კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, კარგად მესმის გაჭირვება, ყველას გამოგვივლია და ყველამ ვიცით რა არის გაჭირვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა მოვიპაროთ და მივიტაცოთ", - თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
სახლების დანგრევიდან რამდენიმე საათში მერმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ არცერთი შენობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო, შესაბამისად, არასწორია ბრალდება მერიის მიმართ, რომ უწყებამ ადამიანები ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ დატოვა.
სახლების ნგრევისას დაკავებული 12 მოქალაქიდან ამ დროისთვის 11 თავისუფალია, ერთი კი პატიმრობაში რჩება. სასამართლო პროცესები დღეს, 16 დეკემბერს გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ კახა კალაძემ უსახლკაროდ დარჩენილი 10 ოჯახიდან ერთს ბინა აჩუქა.