აფრიკის დასახლებაში დაკავებული 12-დან 11 ადამიანი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

აფრიკის დასახლებაში მიმნდინარე სახლების ნგრევის პროცესში დაკავებული 12 მოქალაქიდან ამ დროისთვის 11 თავისუფალია, ერთი კი პატიმრობაში რჩება. 

სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. დაზარალებული მოქალაქეები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, ისინი ამბობენ, რომ ის ერთი დაკავებულიც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, რადგან როგორც მათ, ასევე პატიმრობაში დატოვებულს, არაფერი დაუშავებიათ. 

დაკავებულებს პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება. 

ადვოკატი, რომელიც დაკავებულებს შეხვდა, ამბობს, რომ ყველა დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. 

შეგახსენებთ, მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არცერთი შენობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო, შესაბამისად, არასწორია ბრალდება მერიის მიმართ, რომ უწყებამ ადამიანები ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ დატოვა. 

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებს საია და სახალხო დამცველიც გამოეხმაურნენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი