თბილისის მერი, ბინას ჩუქნის იმ 10-ზე მეტი ოჯახიდან ერთერთს, რომელთაც დღეს, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საცხოვრებელი სახლი დაუნგრია. ამის შესახებ კახა კალაძემ Facebook-ზე დაწერა.
აღსანიშნავია, რომ სახლების დანგრევიდან რამდენიმე საათში მერმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არცერთი შენობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო, შესაბამისად, არასწორია ბრალდება მერიის მიმართ, რომ უწყებამ ადამიანები ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ დატოვა.
"როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის.
ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი." - დაწერა კახა კალაძემ.
სახლების გარეშე დარჩენილი ოჯახები, პანდემიის პირობებში, ამ საახალწლოდ უსახლკაროდ რჩებიან. ამასთან, სახლების ნგრევისას დაკავებული 12 მოქალაქიდან ამ დროისთვის 11 თავისუფალია, ერთი კი პატიმრობაში რჩება. მათი სასამართლო პროცესები ხვალ, 16 დეკემბერს გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში დღისით სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებს საია და სახალხო დამცველიც გამოეხმაურნენ.