
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, რა შეიცვალა "რუსთავი 2"-ის საქმეზე, რომელიც აქამდე ორ კერძო სუბიექტს შორის დავა იყო და როდის გახდა ის "ქართული ოცნების" დამსახურება უპასუხა:
"მე შემიძლია, ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლო, ერთი, რომ ბიზნესის თავისუფლება, ადამიანების თავისუფლება და მედიის თავისუფლება ამ ქვეყანაში მოიტანა ქართულმა ოცნებამ 2012 წელს, ეს არის მოცემულობა და ეს არის ფაქტი. დანარჩენი არის ზოგადი სპეკულაციები", - თქვა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა და ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა გუშინ, 16 დეკემბერს, "რუსთავი 2"-ის ეთერში, ტელევიზიის წამყვანებს უთხრა, რომ მათ ტელევიზია "ქართულმა ოცნებამ" დაუბრუნდა და ამაში იუსტიციის სამინისტროს "ტიტანური შრომა" დევს. გადაცემის წამყვანის რეპლიკას - "ქალბატონო თეა, რუსთავი 2 დააბრუნა ევროპის სასამართლომ", წულუკიანმა უპასუხა, რომ ამისთვის მათ ძალიან ბევრი იშრომეს და "კანონიერება თავისით არ აღსდგა".
თეა წულუკიანის ეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა არც ამჟამად "მთავარი არხის" გენერალური დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის და არც ადვოკატებისთვის, რომლებიც პირველივე დღიდან აცხადებდნენ, რომ რუსთავი 2-ის საქმე არ იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა და ამ საქმეში "ქართული ოცნება: და ბიძინა ივანიშვილი უხეშად ერეოდნენ.